როგორ ცხოვრობენ ახალციხის ნახევრადდაცლილ სოფლებში, სადაც "ქართულ ოცნებას" ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს
11.11.2024
სამცხე-ჯავახეთის სოფლებში, სადაც არჩევნებზე ხელისუფლება მუდმივად გამარჯვებულია, სიღარიბე და სიდუხჭირეს გაქცეული ადგილობრივების დაკეტილი სახლებია. რეგიონში მმართველი პარტია დიდი უპირატესობით იმარჯვებს. მაგალითად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ქვეყნის მასშტაბით, ნინოწმინდასა და ახალქალაქში აქვს მიღებული (ახალქალაქში 88.93%, ნინოწმინდაში - 89.77%).
„ქართული ოცნება“ ლიდერობს სხვა მუნიციპალიტეტებშიც. მაგალითად, ახალციხის ოლქში მმართველმა პარტიამ ხმების 61.66% მიიღო, მათგან ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სოფელ საძელშია - 97.65%.
საძელის მოსახლეობის 26 ოქტომბრის არჩევანი ასეთია:
კოალიცია ცვლილებებისთვის - 2 ხმა;
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 3 ხმა;
საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - 1 ხმა;
ტრიბუნა - 1 ხმა;
ქართული ოცნება - 291 ხმა.
„არჩევნებმა ჩვენთან ძალიან კარგად ჩაიარა, მშვიდად. ფეისბუკზე რომ იწერება, ვიღაცას პირადობას ართმევენ, სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან, ჩვენთან არ ყოფილა, იძულებით არავის მიუცია ხმა, ჩვენ კმაყოფილი ვართ მთავრობით“, - გვეუბნება შუა ხნის მამაკაცი, რომელიც სახელსა და გვარს არ გვეუბნება. ვცდილობთ, გავარკვიოთ, როგორ მიიღო ამ სოფელში თითქმის, ყველა ხმა მმართველმა პარტიამ.
საძელში „ქართული ოცნების“ მადლიერები არიან. ამბობენ, რომ ხელისუფლების მუშაობიდან ყველაზე მეტად მშვიდობა, რუსეთთან გამარტივებული მიმოსვლა და სოფელში მოგვარებული ინფრასტრუქტურული პრობლემები მოსწონთ.
„მთავრობა კარგია, სოფელში ყველაფერი გვაქვს. მშვიდად ცხოვრება გვინდა, მეტი არაფერია საჭირო. ომი არ გვინდა", - გვეუბნება პეტროს სტეფანიანი.
საძელი ქალაქ ახალციხიდან ხუთი კმ.-ით დაშორებული სოფელია. სახლების დიდი ნაწილი მიტოვებული და დანგრეულია. ადგილობრივები გვარწმუნებენ, რომ საძელში ყველა პირობა აქვთ ღირსეული ცხოვრებისთვის, ამის მიუხედავად წუხან, რომ სოფელი ახალგაზრდებისგან დაცლილია. მამაკაცები სეზონურ სამუშაოებზე რუსეთში დადიან.
„სად არის ახალგაზრდა ახლა სოფელში? რუსეთში არიან წასული. ჩემი ბიჭებიც იქ არიან, მარტო ვარ ცოლთან ერთად“.
ემიგრაციის გაზრდილ მაჩვენებელთან ერთად, მიწათმოქმედებაში ჩართული ადგილობრივები სარწყავი წყლის სიმწირეზე წუხან.
„წყალი მთიდან მოდის, მაგრამ სამ სოფელზე ნაწილდება და არ გვყოფნის. ადრე გვქონდა წყალსაქაჩი ნასოსები, მაგრამ 90-იანებში გაიძარცვა, მარტო შენობაა დარჩენილი“.
მმართველი პარტიის მხარდამჭერებს შორის, არჩევნებში მიღებული ხმების მიხედვით მოწინავე რიგებშია საზღვრისპირა სოფელი ნაოხრები. აქ „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 96.63% მიიღო.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 5 ხმა;
საქართველო - 1 ხმა;
გირჩი - 1 ხმა;
ქართული ოცნება - 201 ხმა.
ნაოხრებში ხანშიშესული ამომრჩევლების უმეტესობა ამბობს, რომ ხმა მისცა იმას, ვინც უბანზევე „ურჩიეს“. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების რჩეული პარტია კი ყველა შემთხვევაში - „ქართული ოცნება“ იყო.
„არჩევნებზე ვიყავი, მანქანამ მომაკითხა აქ, სახლთან. მთელი სოფელი ასე წავედით“ - ამბობს მიშიკ ოვსეფიანი. ის 86 წლისაა და გვეუბნება, რომ წინასაარჩევნოდ მშვიდობა მისთვისაც მთავარი დაპირება იყო, მისი ოთხივე შვილი რუსეთში ცხოვრობს.
სახელისუფლებო პარტიისადმი გაზრდილი მხარდაჭერის ფონზე, სოფელში პრობლემებზეც ჩივიან.
„წყალი ერთი დღე რომ მოვა, მერე ხუთი დღე - აღარ. ბევრი უნდა ავიღოთ, რომ რამდენიმე დღე გვეყოს. მთელი ზაფხული ერთი გრამი არ გვქონია ჩვენს უბანს. წელს კარტოფილი ერთი კილოც ვერ გავყიდე. რამდენი ხარჯია იცი? 3 000 ლარი თესლი, 2 000 ლარი წამალი, მორწყვა, ყველაფერი გავაკეთე, დავთესე, მოვუარე, ამოვიღე. ახლა კარტოფილი ბევრი მაქვს, ერთი კლიენტი არ მოსულა, რომ გავყიდოთ. ფასიც არ აქვს, კილოგრამი 50 თეთრი რა არის? ლარად ვიყიდე თესლი“, - ჩივის სუფუნ პილოსიანი. 72 წლის ქალი ამბობს, რომ მის ოჯახში ყოველთვიური, სტაბილური შემოსავალი მხოლოდ მისი პენსიაა.
„ბიჭი რუსეთში დადიოდა, არ ვიცი საზღვარზე რა მოხდა, აღარ უშვებენ. სამი წელი არ შეგიძლიაო იქით წასვლა. ჩემი პენსია 498 ლარია, ფქვილს, ერბოს, მაკარონს მე ვყიდულობ“.
ადგილობრივების გაჭირვებას ვეღარც რუსეთში, სეზონურ სამუშაოზე წასვლა შველის. როგორც თავად ამბობენ, დამსაქმებლები ხელფასს დროულად არ უხდიან ან ხშირად, შემოსავლის გარეშე ტოვებენ.
„არ მაინტერესებს ვინ აიღო მეტი ხმა. ორი ახალგაზრდა ბიჭი, რძალი და შვილიშვილი მყავს სახლში, სამსახური არც ერთს აქვს. ყველაზე მთავარი სამუშაოა, ახალგაზრდებს დასაქმება უნდათ. ყველა ოჯახი უფულოდ ვართ დარჩენილი, კარტოფილი არ იყიდება, რუსეთში რომ მიდიან კაცები, იქაც აღარაა ფული, იქაც გაჭირდა. ამუშავებენ და ეუბნებიან, წადით საქართველოში და ხელფასს მეორე წელს მოგცემთო, ატყუებენ“, - გვეუბნება ვერა ნაზარეთიანი.
დასაქმება მთავარი პრობლემაა სოფელ წყრუთშიც. ამის გარდა, ადგილობრივები სასმელ წყალზე ჩივიან. სამი წელია სკოლა სოფელში არ ფუნქციონირებს, შენობა ავარიულია, რეაბილიტაციას არ ექვემდებარება და ახლის აშენებაა საჭირო. მოსწავლეები სოფლიდან ქალაქის #2 საჯარო სკოლაში დადიან. ამის მიუხედავად, წყრუთში მმართველი პარტიის შედეგი 93.77%-ია. თუ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ ერთად 52 ხმა მიიღო, „ქართულ ოცნებას“ 743 ხმა ერგო.
„41 ჩემი პარტიაა, რატომ მომწონს? რუსეთში წასვლისას ვიზა რომ არ გვჭირდება, ეს კარგია. ახალგაზრდები იქ მიდიან და ფული მოაქვთ, ესაა მთავარი“, - გვიხსნის არუთუნ კარაპეტიანი.
„კარგი სოფელია, სოფლის რწმუნებული კარგი ადამიანია, მადლობა მთავრობას. პრობლემა? სოფელში კლუბი არ არის, არაფერია, ახალგაზრდობა სად წავიდეს? ნარდი რომ ითამაშონ სადმე. სასმელი წყალი არ არის,“ - ამბობს ვერონიკა საპონჯიანი. სოფლის პრობლემების ჩამონათვალს აგრძელებს სუსანნა საღოიანი.
„გზები ცუდია, სახლში სუფთა წყალი არ გვაქვს. წყაროზე მოდის და „შლანგებით“ გვაქვს გაყვანილი. ბავშვები სამი წელია სკოლაში ქალაქში დადიან მეორე „სმენაში“,7-ზე ამთავრებენ გაკვეთილებს და იღლებიან, ძნელია ძალიან, მშივრები და დაღლილები გამოდიან. არჩევნებზე ვიყავი, მიამიტი კი არ ვარ რომ ვთქვა, ვის მივეცი ხმა. ვინც საჭირო იყო, იმას მივეცი, ერთია კარგი და იმას, ვინც გზებს აკეთებს“.
სომხური თემის გარდა, მმართველმა პარტიამ დამაჯერებელი გამარჯვება ქართულ დასახლებებშიც მოიპოვა. მაგალითად, ახალციხის სოფელ ანდრიაწმინდაში 62% მიიღო. მაღალმთიან სოფელში ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული პრობლემები მათთან თითქმის, სრულად მოგვარდა, ამიტომ არჩევნების შედეგში ხელისუფლების მიმართ მადლიერება და კმაყოფილება გამოხატეს. ამის მიუხედავად, სოფლის მოსახლეობას კიდევ არაერთი პრობლემა აწუხებს - გაძვირებული სურსათი და მედიკამენტები, გაზრდილი მიგრაცია და ახალგაზრდებისგან დაცლილი სოფელი.
„წამლის დაფინანსებაზე განაცხადი გავაგზავნე თბილისში, ფოსტაში 9 ლარი გადამახდევინეს და 32 ლარით დამაფინანსეს. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა როგორ ვცხოვრობთ. ჩვენი საარსებო წყარო მინიმალურია, კარტოფილს ვთესავდით და იმასაც ფასი დაეკარგა. სამი შვილი მყავს და მარტო ვარ სახლში, წავიდნენ ახალგაზრდები სოფლიდან, აქ აღარავინ მოვა. ეროვნული ლიდერი გვჭირდება ახალი თაობიდან, სხვა არაფერი გვეშველება“, - გვეუბნება ჯიმშერ ბერიძე.
ანდრიაწმინდიდან რამდენიმე კილომეტრში, ზღვის დონიდან 1 500 მეტრზე, სოფელი ანდა მდებარეობს. აქ უფრო მეტი დაკეტილი და ავარიული სახლია, ვიდრე მაცხოვრებელი. ანდელებმა ხმა ანდრიაწმინდაში გახსნილ საარჩევნო უბანზე მისცეს. სოფელში ამბობენ, რომ გადაწყვეტილება, ვის მისცენ ხმა, ერთმანეთის გათვალისწინებით იღებენ.
„ერთმანეთის ხათრით, პატივისცემით, ყველა ერთმანეთს იცნობს. ზოგი საჯარო სამსახურშია, მასწავლებელია, ზოგი მაგათი ნათესავია, სოფელში ასე ხდება, ყველა ერთმანეთს ითვალისწინებს“, - ამბობს დალი ინასარიძე.
სოფლამდე მისასვლელი გზა გრუნტიანია. ანდაში ამბობენ, რომ ინფრასტრუქტურული და საკომუნიკაციო საკითხებიდან მთავარი პრობლემაც ეს არის.
„გზის პრობლემაა, პატარა მონაკვეთია დარჩენილი, შიდა გზებიც და განათებაც რომ დაამატონ, კარგია“, - ამბობს გურამ ბერიძე.
„ახალი ავტობუსები დაგვინიშნეს, დღეს დილას მაგალითად, ბოლომდე ვერ მოვიდა და დარეკა მძღოლმა, აქ გამოდით მგზავრებიო - პირველ რიგში, გზა გვინდა. დანარჩენს, თუ კიდევ მოგვეხმარებიან და რამეს გაგვიკეთებენ, კარგია. ძალიან ძვირია მიწის სამუშაოები, 10 მეასედის მოხვნა 35 ლარი ღირს. შხამ-ქიმიკატებით დაგვეხმარონ, რომ ხარჯები შეგვიმსუბუქდეს და გლეხს ჰქონდეს იმედი, რომ დათესავს და რაღაცას აიღებს. გლეხის საქმე რა არის - რასაც მოვიყვანთ ზამთარში გამოვიკვებოთ და დანარჩენი გავყიდოთ, რომ ისე მიწას მოვახმაროთ გაზაფხულზე, ისევ მიწაში ვაბრუნებთ“, - გვიყვება დალი ინასარიძე.
ანდელები ამბობენ, რომ სოფლად ცხოვრება არასტაბილურია. როგორი წელი ექნებათ - ეს კარტოფილის გასაყიდ ფასზეა დამოკიდებული.
„სოფელში თითქმის, ყველა ერთნაირად ვცხოვრობთ. თოთო-ოროლას, ვისაც სამთავრობო სამსახური და ხელფასი აქვს, ცოტა უკეთესადაა. ახალგაზრდებიც აღარ არიან, ერთი ჩემი შვილია და ვეუბნები ბიჭო, მარტო შენღა ხარ ამ სოფელში. ხან სად მუშაობს და ხან - სად, სტაბილური სამუშაო არსადაა, რა ქნან. გლეხის ნაშრომს ფასი არ აქვს. ერთი კვირის წინ დავასრულეთ კარტოფილის მოსავლის აღება, 20-30 თეთრია ახლა ფასი, რამდენი უნდა გაყიდო და აიღო, რომ იცხოვრო. ამიტომ გარბიან, ურჩევნიათ ქალაქში იმუშაონ, ხელფასი ჰქონდეთ, ვიდრე აქ მთელი წელიწადი მოსავალს უცქირონ და ბოლოს ხელში არაფერი დარჩეთ“, - ჩივის დალი ინასარიძე.
არაერთი პრობლემის მიუხედავად, ადგილობრივების ნაწილს მიაჩნია, რომ ხელისუფლება ეფექტურად მუშაობს და ქვეყანაში მშვიდობას ინარჩუნებს.
„მთლიანობაში სიღარიბეა, მაგრამ მთავრობას ვუჭერთ მხარს. არ გვინდა ლგბტ პროპაგანდა, ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ, სხვა კულტურის. დღეს ვკითხულობდი ინტერნეტში, მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში საქართველო 3-4 დღე გაუძლებსო. ამერიკა და ბრიუსელი პირდაპირ აძალებდნენ ღარიბაშვილს, ფეისბუკზე დევს“, - ამტკიცებს გურამ ბერიძე. ამბის სისწორეში დარწმუნებულია, ამბობს, რომ ინტერნეტში წაიკითხა და სჯერა.
ქვეყნის მასშტაბით, მმართველ პარტიას ყველაზე მაღალი მხარდაჭერა ნინოწმინდასა და ახალქალაქში ჰქონდა (87.79% ახალქალაქში და 88.19% ნინოწმინდაში). ეს მაშინ, როცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ ამ ორ მუნიციპალიტეტში 66.77% აიღო. როგორ შეძლო მმართველმა პარტიამ შედეგის გაუმჯობესება ოთხ წელში 20%-ით, ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელს ვკითხეთ.
„წინასაარჩევნოდ, ხალხის განწყობებზე დაკვირვებით და პატარა ანალიზით, „ქართულ ოცნებას“ შეეძლო 60-65% აეღო ჯავახეთში, ისიც საჯარო მოხელეების რესურსებით და სრული მობილიზებით. ხმების დაახლოებით, 20-25% იყო დაშინებით და მანიპულირებით მოპოვებული. წინასაარჩევნოდ ოპოზიციურმა პარტიებმა არ იმუშავეს ისე, როგორც საჭირო იყო და ასევე, არის გონივრული ეჭვი, რომ იმ ადამიანების მაგივრადაც მისცეს ხმა, რომლებიც საქართველოში არ იმყოფებიან. წელს ახალმა ტექნოლოგიებმა აჩვენა, რომ ხალხის არჩევანი სამწუხაროდ, არ იყო ფარული. ზოგიერთი ვიცი, რომ ოპოზიციურად იყო განწყობილი და ელოდებოდნენ, რომ გარკვეული ცვლილებები მოხდებოდა ქვეყანაში, მაგრამ იმის შიშით, რომ ვიღაცებმა უთხრეს ვხედავთ, ვისაც აძლევ ხმას, იძულებულნი გახდნენ ხმა მიეცათ მმართველი პარტიისთვის“, - ამბობს მახარე მაცუკატოვი. ის საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ახალქალაქის ბიზნესცენტრის“ ხელმძღვანელია. 26 წელია რეგიონში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე, მათ განათლებაზე, სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, დამწყები ბიზნესმენების ხელშეწყობასა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერაზე მუშაობს. მახარე ჰყვება, რამ იქონია ყველაზე დიდი გავლენა ამომრჩეველზე.
„ინდივიდუალურ საუბრებს ვაკვირდებოდი და ვაქცევდი ყურადღებას. რა ხდებოდა თბილისში, „რუსული კანონი“ და ა.შ. ეს საყოფაცხოვრებო დონეზე არ აინტერესებთ. ზოგადად აკვირდებიან, რომ ცუდი რაღაცები ხდება. მაგრამ როცა საკითხი შეეხო იმას, რომ სომხეთი და საქართველო ერთ ნავში ვზივართ, თუ საქართველო ავტოკრატიული გახდება და იქნება რუსეთის სატელიტი, სომხეთსაც გარკვეულწილად, ექნებოდა პრობლემები,,, თუმცა ცოტაა ასეთი ადამიანი, რომელიც ამას აქცევდა ყურადღებას. იმაზეცაა დამოკიდებული, განწყობები როგორია სომხეთში, ვის უჭერენ მხარს, მიმდინარე მოვლენები, იქაც პროევროპული და პრორუსული განწყობებია. ჩვენთან დიდია გავლენა რუსული საინფორმაციო სივრცის, დეზინფორმაციის“.
მახარე მაცუკატოვის თქმით, პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია მიმდინარე მოვლენებზე, არ იცოდნენ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო და რას ცვლიდა წელს საპარლამენტო არჩევნები.
„ადამიანები, რომლებიც ჯავახეთში პოლიტიკურ აქტორებად ითვლებიან, 30 წლის განმავლობაში, რაც საქართველო დამოუკიდებელია, ხელისუფლებაში არიან. ხვალ რომ მთავრობა შეიცვლება, რეგიონულ დონეზე ისევ ეს ლიდერები დარჩებიან. უბრალო ხალხს რაში სჭირდება გაიფუჭოს ურთიერთობები მათთან. ამიტომ რასაც ეუბნებიან, იმას აკეთებენ. ისედაც პოლიტიკურად ინტეგრირებულები არ არიან და არ იციან სად, რა და როგორ ხდება. შიში და უსამართლობაა, რომ მაინც ვერ გაიტანენ თავისას და პრობლემები შეექმნებათ, რაში სჭირდებათ? სამწუხარო ისაა, რომ ვინც სახელმწიფო უწყებებში მუშაობს, მეტად პრორუსულები არიან, ვიდრე უბრალო ხალხი. არ უნდათ, რომ მმართველ პარტიას აწყენინონ. შესაძლოა, შინაგანად გრძნობენ, რომ ეს არასწორია, მაგრამ არ უნდათ სკამების დათმობა“, - ამბობს მახარე და ამატებს, რომ პრობლემას სომხურენოვანი მოსახლეობის ინტეგრაცია მოაგვარებს.
უმცირესობებით დასახლებული მუნიციპალიტეტების გარდა, „ქართულ ოცნებას“ დამაჯერებელი გამარჯვება აქვს მოპოვებული რეგიონის სხვა თემებშიც. მაგალითად, ასპინძაში მმართველმა პარტიამ 23 უბნიდან ხმების 77.63% მიიღო. ყველაზე მაღალი მხარდაჭერა მუნიციპალიტეტის ერთადერთ სომხურენოვან სოფელში - დამალაში დაფიქსირდა, სადაც მმართველი პარტიის მაჩვენებელმა 95.28% შეადგინა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
The views, opinions and statements expressed by the author/authors and those providing comments are theirs only and do not necessarily reflect the position of the Foundation or the Center. Therefore, the Open Society Georgia Foundation and Georgian Center for Strategy and Development are not responsible for the content of the information material.