ახალციხელი ანა არუთუნიანი სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებული გახდა
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ანა არუთუნიანი სტუდენტური კონფერენციის გამარჯვებული გახდა. ღონისძიება ორგანიზაციების „ქალები ცვლილებებისათვის“, „თიმ ედუქეიშენ ჯისა“ და „სამართლის ასოციაციის“ ორგანიზებით, დღეს, 22 იანვარს ონლაინრეჟიმში ჩატარდა. კონკურსის თემა იყო სახელმწიფოსა და საზოგადოების გამოწვევები ქალთა მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით.
კონფერენციაზე, ექვსი საუკეთესო ესსეს ავტორმა საკუთარი ნაშრომი წარადგინა, რომელიც კონკურსის განმავლობაში 20 ესსედან შეირჩა.
კონკურსი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა და მასში მონაწილეობა იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებმა მიიღეს. შერჩეული თემების ავტორები კი დღეს, პირველი ადგილისთვის იბრძოდნენ.
„სიმართლე გითხრათ მოულოდნელი ნაკლებად იყო ეს გამარჯვება, იმიტომ რომ მანამდეც ვყოფილვარ მსგავსი კონკურსების გამარჯვებული. თუმცა ძალიან სასიხარულო იყო, რადგან გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები. მომიწია საინტერესო და აქტუალური თემის განხილვა. თემის, რომელიც არის ძალიან მწვავე პრობლემა. ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში მწვავედ დგას ჩვენს სახელმწიფოში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის პრევენციისა და აღმოფხვრისათვის ჩატარებული ღონისძიების მონაწილე მეც ვიყავი. ამ თვალსაზრისით, ძალიან გამიხარდა, რომ შევძელი ჩემი, პატარა წვლილი შემეტანა ცნობიერების ამაღლებაში. ძალიან ღირსეულ მონაწილეებთან მომიწია შეჯიბრი და მათგანაც ძალიან ბევრი ვისწავლე“ - ამბობს „მეცხრე არხთან“ ანა არუთუნიანი.
კონკურსის ორგანიზატორები ახალციხელ სტუდენტსა და დანარჩენი ხუთი ესსეს ავტორებს სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვებს.