ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 000-ზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა
ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეთა რეგისტრაცია დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველადი სტატისტიკა ასე გამოიყურება: ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 41 000 - ზე მეტი აბიტურიენტი; სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის დარეგისტრირდა 2 500 - ზე მეტი სტუდენტი; საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის დარეგისტრირდა 9 500 - ზე მეტი მაგისტრანტობის მსურველი.
უწყების ცნობით, საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს 14 აპრილის 18:00 საათამდე, ხოლო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.
„2022 წლის გამოცდებისათვის რეგისტრაცია 1-ელ მარტს დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათამდე გაგრძელდა. გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge
აქვე, შეგახსენებთ, რომ 14 აპრილის 18:00 საათამდე გრძელდება რეგისტრაცია მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის. რეგისტრაცია მიმდინარეობს მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: online.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, ენდონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდსა: www.naec.ge და ფეისბუკგვერდზე: https://www.facebook.com/www.naec.ge/ განთავსებულ ინფორმაციას“,- ნათქვამია ინფორმაციაში.