სკოლებისა და ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა
სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება. აღნიშნული დაწესებულებებისათვის ასევე სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.
ამასთან დაკავშირებით “საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტი, რომელიც “ქართული ოცნების“ დეპუტატმა კახა კახიშვილმა მოამზადა, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 87 ხმით მიიღო.
პროექტის წინააღმდეგ ოთხმა დეპუტატმა მისცა ხმა.
როგორც კახიშვილმა პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ბავშვები ეროვნული სიმბოლოების მნიშვნელობასა და პატივისცემას ბაგა-ბაღის ასაკიდან ისწავლიან.
“დასავლეთის სახელმწიფოების ქუჩებში ნებისმიერი უცხოელი გამვლელისთვის თვალნათელია, თუ როგორ ხარისხშია ამ ქვეყნებში ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა, სადაც არა თუ საჯარო დაწესებულებების, არამედ კერძო სახლების სახურავებზე და აივნებზე ეროვნული დროშებია აღმართული. სამწუხაროდ, ამის პრაქტიკა და ტრადიცია საქართველოში ჯერჯერობით არა გვაქვს. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, ეროვნული სიმბოლიკის პატივისცემა უპირველესად ჩვენს მომავალ თაობას ჩავუნერგოთ“, - განაცხადა კახა კახიშვილმა.