21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს, 2 000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა - ანა ნაცვლიშვილი
„ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრმა, საპარლამენტო ჯგუფის ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, განათლების სისტემაში ბევრი გამოწვევაა, მათ შორის არის სკოლების რეაბილიტაცია და დირექტორების დანიშვნის პროცესი. ანა ნაცვლიშვილის თქმით, საქართველოში 21 000-ზე მეტი მოსწავლე იძულებულია, სხვა სკოლის შენობაში ისწავლოს. ამასთან, მისივე განცხადებით, 2 000-ზე მეტი სკოლა დირექტორის გარეშეა.
„განათლების სისტემა ჯეროვნად ვერ იმართება, რითიც ზიანდებიან მოსწავლეები, მათი ოჯახები და მასწავლებლები. დასტურდება, რომ კვლავ შენარჩუნებულია სკოლების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მექანიზმები. ამის თქმის საშუალებას იძლევა ოფიციალური ინფორმაციის ანალიზი“, – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, რამდენიმე კვირის წინ სადეპუტატო კითხვით მიმართა სამინისტროს და მიიღო ოფიციალური პასუხი, რითიც დასტურდება, რომ ორ წელიწადზე მეტია, სკოლებს, ყოველგვარი დასაბუთებისა და კრიტერიუმების გარეშე, მინისტრის მიერ ერთპიროვნულად დანიშნული დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები მართავენ.
„21 ათასზე მეტმა მოსწავლემ ეს სასწავლო სემესტრი კვლავ ვერ დაიწყო საკუთარ სკოლაში, საქართველოში 40-ზე მეტ სკოლას, გაჭიანურებული სარემონტო სამუშაოების გამო, სხვა სკოლებსა და ალტერნატიულ შენობებში უწევთ სასწავლო პროცესის წარმართვა. ეს სერიოზული პრობლემაა როგორც შენობის გარეშე დარჩენილი მოსწავლე-მასწავლებლებისთვის, ასევე მიმღები სასწავლო დაწესებულებებისთვის, სადაც იძულებული არიან, სწავლა ორ ცვლაში წარმართონ“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
„განათლების სისტემასა და სკოლებში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით დეპუტატმა უკვე მიმართა მუნიციპალური განვითარების ფონდს, რომელიც, ნაცვლიშვილის განცხადებით, პასუხისმგებელია რეაბილიტაციის პროცესსა და შესაბამის ტენდერებზე. ასევე მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მოთხოვნით, მიმდინარე წელს განახორციელოს საჯარო სკოლების რეაბილიტაციისა და მასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვების პროცესის აუდიტი.
პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ ანა ნაცვლიშვილმა წერილობით მიმართა მინისტრს და წარუდგინა რეკომენდაციები იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც უნდა გადაიდგას აღნიშნული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად. დეპუტატის განცხადებით, აქტიურად გააგრძელებს საკითხზე სადეპუტატო ზედამხედველობას და ასევე კომუნიკაციას ყველა პასუხისმგებელ პირთან ამ გამოწვევების აღმოსაფხვრელად“, – ნათქვამია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.