განათლება
ეთნიკური სომხებისთვის ქართულის სწავლების სირთულეები
სოფელი როდიონოვკა. მანუშაკ მკრტიჩიანი და მისი საკლასო ოთახის კედელი
ჯავახეთში სულ უფრო მეტი ახალგაზრდა ცდილობს ქართული ენის სწავლას. მიაჩნიათ, რომ სახელმწიფო ენის ცოდნა ინტეგრაციაში და დასაქმებაში დაეხმარებათ, თუმცა ბევრი მათგანი წუხს, რომ სახელმწიფოს დამოკიდებულება მათ მოტივაციას სულაც არ ზრდის, პირიქით. პედაგოგთა დაბალი კვალიფიკაცია და კადრების დეფიციტი, ნათარგმნი სახელმძღვანელოებისა და ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, უმუშევრობა და ,,ჩაწყობით“ დასაქმება ის ბარიერებია, რომლებიც, რუსეთის ჯერ კიდევ ძლიერ გავლენასთან ერთად, დღემდე უბიძგებს ეთნიკურად სომეხ ახალგაზრდებს, უკეთესი მომავალი სხვა ქვეყნებში ეძებონ.
34 წლის მანუშაკ მკრტიჩიანი თვითნასწავლი მასწავლებელია. ნინოწმინდის სოფელ როდიონოვკაში, ბავშვებს სახელმწიფო ენას ასწავლის. გაკვეთილები აქ სახელდახელოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში ტარდება. სკოლის შენობა მარტის ძლიერი მიწისძვრის დროს ისე დაზიანდა რომ იძულებული გახდნენ, იქვე, ფიცრულში გადასულიყვნენ. ერთი ოთახი სამასწავლებლოდ მოაწყვეს, დანარჩენი სამი კი - კლასებად. მანუშაკისთვის მთავარი პრობლემაც ესაა.
,,მარტიდან 51 ბავშვს სამ ცვლაში ვამეცადინებდით. სწავლას დილით, 08:30 სთ-ზე ვიწყებდით და საღამოს, 19:30 სთ-ზე ვასრულებდით. თვენახევარში, სასწავლო წელი განახლდება და ჩვენი სკოლის შენობის საკითხი ჯერ კიდევ გაურკვეველია. სოფელში არც გაზია. იმის ნაცვლად რომ მასწავლებლებმა ტესტების შედგენასა და სასკოლო პროგრამირებაზე ვიმუშაოთ, ჩვენი დრო კლასების გასათბობად ,,წივის“ მოგროვებასა და ცეცხლის დანთებაში იხარჯება. წელსაც თუ არ გვექნება სკოლა, უკვე აღარ ვიცი, რა უნდა გავაკეთოთ, სად უნდა ვისწავლოთ, პასუხიც არ გვაქვს,“ - ამბობს მანუშაკი, რომელიც მასწავლებლობას გაკვეთილების შემდეგაც განაგრძობს - ბავშვებს ქართულად ეთამაშება.
როდიონოვკა ზღვის დონიდან 2100 მეტრზეა. ბოლო საყოველთაო აღწერით სოფელში 277 ადამიანი ცხოვრობს. როდიონოვკაში არ არის ბაღი, არც საბავშვო მოედანი, მხოლოდ ცხრაწლიანი სკოლაა. მაღალი კლასების ოცი ბავშვი საშუალო განათლებას მეზობელ სოფელ ფოკაში ასრულებს.
მანუშაკმა ცხრაწლიანი სკოლა ისე დაამთავრა, ქართული არ იცოდა, თუმცა ფოკაში ჩასული ქართულის მასწავლებელის გაცნობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ენის სწავლა მოენდომებინა.
,,ძალიან ლამაზი გოგო იყო და ლამაზადაც იცვამდა, ჩემთვის მოდელივით იყო, მაგრამ რთულ კლიმატს სამ თვეზე მეტი ვერ გაუძლო და წავიდა. ძლიერი ქარები იცის ჩვენთან, ცხრა თვე ზამთარია, ყველა ვერ უძლებს... მას მერე დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა, მაშინ ინტერნეტიც არ იყო ასე ხელმისაწვდომი და ქართული წიგნების კითხვით ვისწავლე,“ - იხსენებს მანუშაკი და გვიყვება, თავად როგორ გახდა ქართულის მასწავლებელი, - ,,თვითნასწავლი ვარ. სოფელში რადგან მხოლოდ სომხები ვცხოვრობთ, ქართულად თითქმის არ ვსაუბრობთ, ამიტომ ნასწავლი მალე გვავიწყდება. სკოლა, რომ დავამთავრე, ყოველდღე ორი და მეტი საათი ვმეცადინეობდი, ენა რომ მესწავლა. 2005 წელს დავიწყე სწავლა, მაგრამ უმაღლესში ვერ ჩავაბარე. თავიდან დირექტორმა მითხრა, სკოლაში, უხელფასოდ დამეწყო მუშაობა და ჩემი ცოდნა გამეღრმავებინა. სახლში ვისწავლე ყველა ის პროგრამა, რომელიც საჭირო იყო, ყველა გამოცდა ჩავაბარე და ახლა უფროსი მასწავლებელი ვარ“.
ის ქართულ ენას 16 ბავშვს სკოლის გარეთაც ასწავლის, უანგაროდ. გაკვეთილებს ჯერ შინ ატარებდა, ახლა უკვე - ბიბლიოთეკის შენობაში.
,,არაქართულენოვან სკოლებში განსაკუთრებით მწვავედ დგას პედაგოგების კვალიფიკაციის, პროფესიული განვითარების, შეზღუდული შესაძლებლობებისა და სასწავლო რესურსების ხარისხის პრობლემა“, - ვკითხულობთ ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის 2022 წლის კვლევაში.
განათლების სისტემაში რეფორმების ახალი ტალღა 2005 წლიდან დაიწყო. ენის შესწავლა და ზოგადად, საგანმანათლებლო პოლიტიკა ორ ამოცანას ისახავდა მიზნად - სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესება ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრაციის ხელშესაწყობად და უმცირესობათა ენების დაცვა და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უზრუნველყოფა. მაშინდელი ხელისუფლება მიიჩნევდა, რომ ქართული ენის უნარებისა და ხარისხიანი განათლების მიწოდებით უმცირესობებს კარგი სამსახურების პოვნა და საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლა შეეძლოთ, რაც მათ სამოქალაქო ინტეგრაციას დააჩქარებდა.
2009 წლიდან ქართულის მცოდნე ასისტენტები და კონსულტანტები არაქართულენოვანი სკოლების ნაწილში მიავლინეს, თუმცა სოციალური სამართლიანობის ცენტრის კვლევამ აჩვენა, რომ „იმ მოსწავლეების მიღწევებში, რომლებთანაც ეს მასწავლებლები მუშაობენ, მნიშვნელოვანი სხვაობა არ გაჩენილა“.
ბოლო ხუთი წლის ოფიციალური სტატისტიკით, სკოლის პედაგოგთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. თუ 2018-19 წლებში სკოლებში 67 ათასი მასწავლებელი მუშაობდა, 2022-23 წლებში მათი რიცხვი 62 ათასამდე ჩამოვიდა.
რატომ მცირდება პედაგოგთა რაოდენობა სკოლებში? პედაგოგის ჯილდოს მფლობელი მასწავლებლის, გიორგი ჭაუჭიძის აზრით, მიზეზი მრავალია.
,,მენეჯმენტი იმდენად ცენტრალიზებულია, რომ დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებისათვის სივრცეც აღარ რჩება, აღარ არის საუბარი ვინმეს კვალიფიკაციასა და კომპეტენციაზე. ის, რომ დირექტორებს ირჩევენ სამეურვეო საბჭოები, ესეც ფასადურია, რადგან თუ გადავავლებთ თვალს სკოლების დირექტორების სიას, აბსოლუტურ უმრავლესობაში არიან ე.წ. მოვალეობის შემსრულებლები, ანუ ისეთი დირექტორები, რომლებიც პირდაპირ მინისტრმა დანიშნა თავისი დისკრეციით.
ეს ყველაფერი უფრო მძაფრად ვრცელდება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, რადგან ქართულ ენაზე უმრავლესობას უჭირს კომუნიკაცია და ჩახედული არ არიან იმ პროცესებში, რაც სკოლებში მიმდინარეობს. ქართული სახელმძღვანელოები ითარგმნება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, ამ თარგმანშიც კიდევ ხარვეზებია, რაც უფრო აუარესებს ვითარებას. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბავშვების უმრავლესობას სახელმწიფო ენაზე სწავლა უჭირს, გამოდის, რომ ისინი კიდევ უფრო მეტად არიან გაუცხოებულნი,“ - განმარტავს გიორგი ჭაუჭიძე, რომელიც ოც წელზე მეტია, ქვემო ქართლში, უმცირესობათა წარმომადგენლებს ქართულს ასწავლის.
დირექტორების კომპეტენციის შესახებ საქართველოს პარლამენტის სპეციალური თემატური ჯგუფის ანგარიშშიცაა აღნიშნული. 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წერია, რომ განათლების სამინისტროს მიერ სკოლის დირექტორების მსურველთა სერტიფიცირების პროცესის დაწყების მიუხედავად, სკოლებში განათლების ხარისხი დამაკმაყოფილებელი არ არის.
„ეთნიკური უმცირესობების სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი, წინა, ორი პერიოდის სერტიფიცირების პერიოდშიც არ არის სერტიფიცირებული. დირექტორები წლებია არ შეურჩევიათ და ბოლოს შერჩეულები ყოველგვარი გამოცდის გარეშე დაინიშნნენ. მნიშვნელოვანია სასწავლო გარემოს გადახალისება – რადგან ეთნიკური უმცირესობების სკოლების ადმინისტრაცია ისევ ძველი სტილით მართავს.
სკოლის დირექტორების დიდი ნაწილი არ არის საკმარისად მომზადებული სკოლისა და სასწავლო ლიდერის როლის შესასრულებლად. არ გააჩნიათ საკმარისი პროფესიული და ენობრივი კომპეტენციები, არ არიან ორიენტირებულები სკოლებისათვის ახალი შესაძლებლობების გაჩენით და ვერ ქმნიან მოტივაციას მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის განათლების პროცესში აქტიური ჩართულობისათვის“, – ასეთ დასკვნამდე მივიდნენ პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები ეთნიკური უმცირესობების ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის შესწავლის შემდეგ.
სამცხე-ჯავახეთში 206 სკოლაა, მათგან თითქმის ნახევარი არაქართულენოვანია. საჭიროებაც არის და ვაკანსიებიც ცხადდება, თუმცა მასწავლებლის პროფესიაზე ეთნიკურ უმცირესობათა მოზიდვა მაინც რთულია. ჩვენი რესპონდენტები ამას ქართული ენის არასაკმარისი ცოდნით ხსნიან - ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ერთულებათ შესაბამისი გამოცდების ქართულ ენაზე ჩაბარება, რაც საბოლოოდ, მათ კარიერულ წინსვლას აფერხებს. საზოგადოებრივი ორგანიზაცია ახალქალაქის ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელის მახარე მაცუკატოვის აზრით, სახელმწიფო იწყებს კარგ პროგრამებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიჰყავს.
,,ბევრმა მათგანმა, ვინც დაასრულა სასწავლებელი და უკან დაბრუნდა, ვერ მონახა დაპირებული სამსახური და ბრწყინვალე მომავალი, ამიტომ ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რადგან უკან დაბრუნებულ მის შვილს დასაქმების არანაირი პერსპექტივა არ აქვს, გამოდის მნიშვნელობაც არ ჰქონია რას დაამთავრებს მისი შვილი... და იძულებული ხდებიან ალტერნატიულ გზაზე დაიწყონ ფიქრი. საფრთხე არის დასაქმების გამო, რადგან ახალგაზრდა თუ ვერ დასაქმდება, იწყებს ფიქრს, როგორ წავიდეს საზღვარგარეთ, ,,ხოფანს“ რომ ეძახიან. სამწუხაროა ის, რომ სახელმწიფო იწყებს კარგ პროგრამებს, მაგრამ ბოლომდე ვერ მიჰყავს“ – აღნიშნავს მახარე მაცუკატოვი.
არაქართულენოვან სკოლებში რომ ხარისხიანი სასკოლო განათლება ნაკლებად ხელმისაწვდომია, ვიდრე ქართულენოვან სკოლებში, ამას ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) კვლევაც მოწმობს. კვლევის მიხედვით, ქართულენოვანი და არაქართულენოვანი სკოლების VII-XII კლასების ეროვნულ სასწავლო გეგმებს შორის აცდენაა, პრობლემაა ხარისხიანად ნათარგმნი სასკოლო სახელმძღვანელოებიც, მაღალია მოსწავლეების მხრიდან სკოლის მიტოვების მაჩვენებელიც.
კვლევის შედეგებს ნაწილობრივ ეთანხმება ნინოწმინდის სოფელ ეშტიის სკოლის დირექტორი. ეშტიის სკოლა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საპილოტედ შერჩეული 40 სკოლიდან ერთ-ერთია.
„სამინისტროს სტრატეგიის მიხედვით, საპილოტე პროგრამა საგნობრივი ქართული ენის შესწავლას გულისხმობს,“ - გვიხსნის დირექტორი ბერნიკ ოვსეფიანი, -,,ბილინგვური სწავლება დაიწყო იმიტომ, რომ ბავშვებმა უკეთესად აითვისონ სახელმწიფო ენა. აქ ძალზედ მნიშვნელოვანია ასევე საგნის ენაც.
მეორე კლასიდან მოსწავლეები სახელმწიფო ენაზე ხელოვნებას სწავლობენ. თუ მასწავლებელი ფლობს ორივე ენას, მარტო თვითონ ატარებს გაკვეთილს, თუ სათანადოდ არ ფლობს, მაშინ დამხმარე მასწავლებელი ჩაერთვება. მესამე კლასში ემატება ბუნებისმეტყველება და მე და საზოგადოება. მეოთხე კლასშიც იგივეა: ერთადერთი, ბუნებისმეტყველებაზე შემოდის დამხმარე მასწავლებელი და ისინი ერთად გეგმავენ გაკვეთილებს. დარჩენილ ორ საგანში ორენოვანი პედაგოგები არიან. ბილინგვური სწავლება ჯერ-ჯერობით სამ საგანშია,“- აღნიშნავს ბერნიკ ოვსეფიანი და ერთ-ერთ პრობლემად სახელმძღვანელოებში თარგმანის ხარვეზებსაც ასახელებს.
,,თარგმანში შეცდომები ძირითადად მათემატიკაშია. წინადადებები პირდაპირი მნიშვნელობით ითარგმნება. ამიტომ აზრი ცოტა გაუგებარია, რადგან აზრობრივად არ არის ნათარგმნი. ორი კვირის წინ გავგზავნეთ სამინისტროში შენიშვნები,“ - გვეუბნება ბერნიკი, რომლის სკოლაშიც 130 მოსწავლე და 40-მდე თანამშრომელია.
ქვეყანაში 208 არაქართულენოვანი სკოლა და 83 სექტორია, მათგან 117 - სომხური. საქართველოს არაქართულენოვან სკოლებში ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელი 80 000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს, რაც მოსწავლეთა სრული რაოდენობის 14%-ს შეადგენს.
,,ის მოსწავლეები, რომლებიც მონაწილეობენ სხვადასხვა პროექტებსა თუ ტრენინგებში, პროექტებს ახორციელებენ ბილინგვურად (ორენოვნად - ქართულად და სომხურად). ძალიან კარგია ასევე საზაფხულო ბანაკები, რომლებშიც ჩვენი მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი, მათ შორის საზაფხულო ონლაინ ბანაკები. ამ ეტაპზე ჩვენი სკოლიდან ორი მოსწავლე კახეთშია, ლოპოტაზე, ბანაკში,“ - გვიყვება ბერნიკ ოვსეფიანი.
ეშტიის სკოლის დირექტორის თქმით, ორენოვანი განათლება, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ეტაპობრივად ყველასთვის გახდება სავალდებულო.
,,ენას, როცა პრაქტიკულად არ გამოიყენებ, როცა სასაუბროდ შენთვის ქართული არ არის, რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. სასწავლო პროცესშიც და არაფორმალური განათლების დროსაც, 2-3 საათი ვცდილობთ, ქართულად ვალაპარაკოთ ბავშვები, თუმცა სახლის პირობებში კომუნიკაცია ნაკლებია, ამიტომაც უჭირთ ქართულის სწავლა.
ვინც წარმატებულად ჩააბარებს საქართველოში და დასაქმდება კიდეც, ის სამაგალითო ხდება, ამიტომ ნაწილი ცდილობს ჩააბაროს საქართველოში, მაგრამ არიან ისეთი მოსწავლეები, ვინც აბარებს საზღვარგარეთ. ეს შეიძლება იყოს სომხეთი, რუსეთი.. ვისაც სად სურს,“ - ამბობს ბერნიკი.
საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობებისათვის განათლების მიღების თანაბარ შესაძლებლობებს განსაზღვრავს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლი, რომელიც იცავს ყველა მოქალაქის უფლებას, მიიღოს განათლება, აირჩიოს განათლების ფორმა და კანონი ზოგადი განათლების შესახებ. ამასთანავე, ბოლო 15 წლის განმავლობაში, საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანებით, საქართველო იღებს ვალდებულებებს, უზრუნველყოს თანასწორობის პრინციპები, როგორც მშობლიური ენისა და იდენტობის შენარჩუნების, ისე ხარისხიან განათლებაზე წვდომის თვალსაზრისით.
როგორ აფასებს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში განხორციელებულ პროგრამებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რა ცვლილებები იგეგმება არსებული ვითარებიდან გამომდინარე და რამდენად დამაკმაყოფილებელია ის შედეგი, რა პროგრამებიც უკვე განხორციელდა არაქართულენოვან სკოლებში - ამ კითხვებით სამინისტროს მივმართეთ. დაპირების მიუხედავად, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. მესამე მცდელობის შემდეგ, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აღნიშნეს, რომ შოვის ტრაგედიის გამო, ყველა უწყება რაჭისკენ არის გადართული.
ჯავახეთში ირწმუნებიან, რომ ახალგაზრდებს ქართული ენის სწავლა სურთ, ქართულ უნივერსიტეტში აბარებენ, მაგრამ საქართველოში დასაქმებას მაინც ვერ ახერხებენ. მსგავსი მაგალითები კი დანარჩენებსაც უკარგავს მოტივაციას.
„ახალგაზრდები, იღებენ უმაღლეს განათლებას, მაგრამ მათი საჯარო სექტორში დასაქმების შანსი მინიმალურია. მაგალითად, ვინც მასწავლებლის პროფესია აირჩია, ვერ დასაქმდა. ისე გამოდის, დიპლომიც რომ გქონდეს, სამსახურს მაინც ვერ ნახულობ. სკოლებშიც კი შეუძლებელია “ჩაწყობის” გარეშე ახალგაზრდების დასაქმება, რადგან ხშირ შემთხვევაში სკოლაში არსებულ სისტემას სახელმწიფო წინა საარჩევნოდ თავის საკეთილდღეოდ იყენებს,” - გვეუბნება ახალქალაქის სოფელ კუმურდოში მცხოვრები სოს საარიანი.
კიდევ ერთი პროგრამა, რომელიც ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის სწავლების გაძლიერებას ისახავს მიზნად, არაქართულენოვანი სკოლების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამაა. ნინოწმინდისა და ახალქალაქის სკოლებში კონსულტანტი და დამხმარე მასწავლებლები არიან მივლინებული. ორივე რაიონში 86 საჯარო სკოლაა.
ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამების ბიუჯეტი გაზრდას რომ საჭიროებს, ამის შესახებ, 2022 წლის 6 ივლისს, ახალციხეში ვიზიტისას პარლამენტში განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი ამილახვარმაც აღნიშნა.
,,ჩვენი მთავარი მოტივაცია და როლი ის არის, რომ სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოვაგვაროთ ის საგანმანათლებლო პრობლემები, რაც უკეთეს ხელმისაწვდომობას განაპირობებს საგანმანათლებლო კუთხით. ეს ეხება სკოლებში ქართული ენის მასწავლებლების პრობლემას, სახელმძღვანელოების პრობლემას. კარგად მუშაობს, მაგრამ გასაუმჯობესებელია 1+4 პროგრამა. ვმუშაობთ ამ პროგრამისთვის დაფინანსების გასაზრდელად“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ამავე შეხვედრაზე განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა, რომ სახელმწიფო ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საბავშვო ბაღებიდან უნდა დაიწყოს. ბაღიდან ნასწავლი ქართული, რომ უკეთეს შედეგებს მოიტანს, ამაში ჯავახეთში მცხოვრები სკოლის მოსწავლეებიც დარწმუნებულები არიან.
,,მთავარი პრობლემა, ჩემი და ჩემი მეგობრების აზრით ისაა, რომ დასაქმება რთულია. ვშიშობთ, რომ მომავალში შეიძლება გაგვიჭირდეს სამსახურის პოვნა, ამიტომ ვფიქრობთ, უკეთესი იქნება თუ ვისწავლით რუსულს ან ინგლისურს, რომ წავიდეთ ან ევროპაში, ან რუსეთში, რომ მომავალში ფული გამოვიმუშაოთ და ჩვენი ოჯახები შევინახოთ.
ასევე პრობლემაა ისიც, რომ არაქართულ სკოლებში ქართულის წიგნები სხვაა და ქართულ სკოლებში კიდევ სხვა. და ჩვენ თუ ენის შესწავლაზე ვსაუბრობთ, მგონია, რომ ასე არ უნდა იყოს. მითუმეტეს, ბილინგვური განათლება შემოიტანეს. საბავშვო ბაღიდან იმ დონეზე უნდა იცოდეს ბავშვმა ქართული, რომ პირველ კლასში ისწავლოს ზუსტად ის, რასაც სწავლობს პირველ კლასში ქართველი ბავშვი“ - გვეუბნება ნინოწმინდის სოფელ ეშტიაში მცხოვრები უფროსკლასელი.
რეგიონის სომხური თემი მიიჩნევს, რომ მთავარი პრობლემა ზოგადი განათლება და ქართულ თემთან კომუნიკაციის ნაკლებობაა.
,,როდესაც მოსამზადებელზე ვაბარებთ, ეს მაქსიმუმია. ამის მეტის ჩაბარების შანსი არ გვაქვს. მინიმუმ ორი წელი მაინც უნდა ვიმეცადინოთ, რომ პირდაპირ პირველ კურსზე ჩავაბაროთ, რადგან სკოლებში ვერ ვსწავლობთ ლიტერატურას. შეიძლება იცვლება რაღაცები ყოველწლიურად, მაგრამ ეს ცვლილებები მინიმალურია. მაგალითად, ბავშვებმა არ იციან, ვინ გვყავდა საქართველოში ცნობილი მწერლები, ან რა ნაწარმოები აქვთ მათ დაწერილი და ა.შ.
რაც შეეხება სომხურ წიგნებს, ადრე სომხეთიდან შემოჰქონდათ და კარგი იყო, ბოლო წლებია ქართულიდან ითარგმნება პირდაპირ სომხურად და ხშირად აზრი დაკარგულია. ასევე, წიგნის ერთი ნაწილი შეიძლება ქართულად იყოს დაწერილი და მეორე ნაწილი - სომხურად. იმ შემთხვევაში, თუ მასწავლებელმა არ იცის ქართული, ამ ერთ ნაწილს გამოტოვებს და პირდაპირ მეორე ნაწილის ახსნას იწყებს. ეს კი პრობლემაა, რადგან სომხურის ნაწილი შეიძლება ქართულის გაგრძელება იყოს და ასეთ შემთხვევაში აზრს ვერ გაიგებ, თუ სრულად არ წაიკითხე და არ გაიგე ქართული ნაწილი,“ - გვიხსნის კიდევ ერთი ახალგაზრდა ნინოწმინდიდან.
სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტების აზრით, ვითარებას მნიშვნელოვნად შეცვლიან კარგი სპეციალისტები ხარისხიანი წიგნებით, ასევე ეფექტური ბილინგვური სწავლება სკოლამდელ დაწესებულებაში და ქართული ენის უფასო კურსები.
თუმცა, ჩამოთვლილ საკითხებთან ერთად ახალგაზრდებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული არხების ხელმისაწვდომობა. რეგიონში ძირითადად სატელიტური ანტენით უყურებენ სატელევიზიო არხებს, ენის არცოდნის გამო კი მათი ანტენები ჯერ კიდევ რუსული და სომხური არხებისკენაა მიმართული.
Տարածեք :