ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია
წელს ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებს 34 პატიმარი აბარებს, მათ შორის 4 არასრულწლოვანია - ამის შესახებ ინფორმაციას პენიტენციური სამსახური ავრცელებს.
უწყების განცხადებით, მსჯავრდებულთათვის აკადემიური განათლების ხელმისაწვდომობა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია.
„ამ მიზნით პენიტენციურ სისტემაში 2022 წლიდან მოქმედებს ინოვაციური პროექტი „ციფრული უნივერსიტეტი", რომელიც პატიმრებს შესაძლებლობას აძლევს, ონლაინ ფორმატში დისტანციურად მიიღონ უმაღლესი განათლება საქართველოს ავტორიზებულ უნივერსიტეტებში როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის საფეხურებზე.
აღსანიშნავია, რომ „ციფრული უნივერსიტეტი" ციხისა და სასჯელაღსრულების სისტემების ევროპულმა ორგანიზაციამ (Europris) ევროპის მასშტაბით 3 საუკეთესო ინოვაციას შორის დაასახელა. Europris-ის ყოველწლიურ ჯილდოზე ევროპის ქვეყნების 37 პროექტი იყო წარდგენილი“ , - ნათქვამია პენიტენციური სამსახური მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
განათლების მინისტრის გიორგი ამილახვრის განმარტებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრი სრულად არის მოწყობილი და აღჭურვილი, რათა აბიტურიენტებმა მშვიდად და წყნარად გამოევლინათ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი.
"წელს, 47 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა. ეს ნამდვილად დიდი ციფრია. იმაზე ოდნავ მეტია, ვიდრე შარშან იყო. მთელი ქვეყნის ყველა რეგიონში, 12 ქალაქში, 24 საგამოცდო ცენტრი სრულად არის მოწყობილი და აღჭურვილი ყველა შესაბამისი ინვენტარით, გაგრილების სისტემებით. სრულად არის და იყო უზრუნველყოფილი გარემო, რომ ჩვენს ძვირფას აბიტურიენტებს მშვიდად და წყნარად გამოევლინათ თავიანთი ცოდნის მაქსიმუმი და მაქსიმალური შედეგები დაეფიქსირებინათ ", - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.