რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში განაცხადების მიღება მთავრობის კვოტის ფარგლებში განახლდა
რუსეთის სასწავლებლებში 2025-2026 წლის სეზონისთვის უმაღლესი განათლების მისაღებად ქართველი სტუდენტების მორიგი შერჩევა 7 ოქტომბრიდან დაიწყო.
ინფორმაცია რუსეთში სასწავლებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეების შერჩევის ოფიციალურ ვებგვერდ Education in Russia-ზე ვრცელდება.
უცხო ქვეყნის მოქალაქემ, რომელსაც ამ კვოტით სწავლა სურს, რეგისტრაცია სახელმწიფო საინფორმაციო სისტემაში უნდა გაიაროს, სახელწოდებით, „განათლება უცხოელებისთვის რუსეთის ფედერაციაში.“
შესაბამის სააპლიკაციო ფორმას, მისი შევსების შემდეგ, აბიტურიენტმა თან უნდა დაურთოს პასპორტისა და განათლების დოკუმენტის ასლები ფოტოსურათით.
შევსებული განაცხადის ფორმა აბიტურიენტმა სახელმწიფო საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე „ვერიფიკაციისთვის” უნდა ატვირთოს, ხოლო კანდიდატების შერჩევასთან დაკავშირებული კითხვებისთვის აპლიკანტმა საზღვარგარეთ “როსოტრუდნიჩესტვოს” ან რუსეთის ფედერაციის დიპლომატიურ წარმომადგენლობებს უნდა მიმართოს. საქართველოს შემთხვევაში ეს შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების განყოფილებაა.
განყოფილებაში აცხადებენ, რომ „საქართველოში მყოფი აბიტურიენტები, ძირითადად, მოსკოვისა და სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტებს ირჩევენ, თუმცა მოთხოვნა ასევე არის ყაზანის, კრასნოდარის, ასტრახანის, ვოლგოგრადის, ვორონეჟისა და ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტებზეც.“
სექციაში საქართველოდან აბიტურიენტების ტოპ-სპეციალობებს შორის ასახელებენ მედიცინას, ენათმეცნიერებას, IT-სპეციალობებს, სამართალს, ეკონომიკას, ინჟინერიას, სოფლის მეურნეობის მეცნიერებებსა და მშენებლობას.
გამოცემა Jnews.ge - ს ცნობით, რუსეთი თავის უმაღლეს სასწავლებლებში ყოველწლიურად, საშუალოდ, 200 ქართველ სტუდენტს იზიდავს, რადგან, როგორც წესი, ყოველწლიური უფასო სამთავრობო კვოტაც, საშუალოდ, 200-კაციანია.