განათლება
ჩემმა ძალიან მაგარმა მოსწავლეებმა იციან, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა - მასწავლებელი ახალციხიდან
ჩემმა ძალიან მაგარმა მოსწავლეებმა იციან, რომ დემოკრატია ხალხის მმართველობაა. ხალხის, რომელიც ირჩევს ხელისუფლებას. ეს უკანასკნელი კი ანგარიშვალდებულია საკუთარ ამომრჩეველთან! - წერს სოციალურ ქსელში ახალციხის მე-5 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
ნათია ნებიერიძე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურება და საკუთარ პოზიციას ამ ფორმით გამოხატავს.
,,ვასწავლი, რომ დემოკრატია სიტყვის თავისუფლებაა, რომ გამჭვირვალე, სამართლიანი არჩევნებია! რომ დემოკრატია ადამიანის უფლებების დაცვაა..! დაცვა!!!!
და ვეუბნები რომ საქართველო იცავს და ვალდებულია დაიცვას თავისი ქვეყნის მოქალაქის უფლებები, მისი ადგილმდებარეობის მიუხედავად!
რომ პიროვნების თავისუფალი განვითარება სწორედ დემოკრატიულ სახელწიფოშია შესაძლებელი... ჰო , ვასწავლი და მიხარია რომ თაობა, რომელიც მოდის უფრო მოაზროვნე, პროგრესული, განვითარებადი, ლაღი და თავისუფალია, ვიდრე მე ან ჩვენ ყველა ერთად!!!" - წერს ნათია ნებიერიძე.
ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეწყვეტის საკითხს პედაგოები ადიგენიდანაც ეხმიანებიან. სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლის პედაგოგი თამარ აბრამიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ:
,,ევროკავშირისკენ განუხრელი სვლა არის საქართველოს მოქალაქეების არჩევანი და ურყევი ნება" - მიაჩნია თამარ აბრამიშვილს.
28 ნოემბრიდან, თბილისსა და რეგიონებში, მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა მთავრობის გადაწყვეტილებას - საქართველომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხი. ევროკავშირთან ურთიერთობის გაწყვეტის შესახებ, პრემიერ–მინისტრმა, 28 ნოემბერს, ევროპარლამენტის რეზოლუციის მიღების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ევროპარლამენტარებმა, რეზოლუციის ტექსტში ჩაწერეს, რომ პარლამენტი არ აღიარებს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მისი არადემოკრატიულობის გამო და ითხოვს პასუხისმგებელი მაღალჩინოსნების, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის, ირაკლი კობახიძის, ირაკლი ღარიბაშვილის, კახა კალაძისა და შალვა პაპუაშვილისთვისა და მოსამართლეების მიმართ სანქციების დაწესებას.
Տարածեք :