კულტურა
"მე არ ვმღერი ხვალინდელ კონცერტზე" - კაბუმ ახალციხეში ჩამოსვლა გადაიფიქრა?
მსახიობმა და რეპერმა კახა აბუაშვილმა, იგივე კაბუმ ახალციხეში კონცერტი შესაძლოა აღარ გამართოს. ამის შესახებ შესახებ "მეცხრე არხს" თავად მომღერალმა განუცხადა. მისივე თქმით გეგმაშიც კი არ აქვს 27 დეკემბერს ახალციხეში ჩამოსვლა.
"-არაფერი არ მაქვს ახალციხეში დაგეგმილი. მე არ ვმღერი ხვალინდელ კონცერტზე
- მერიის ოფიციალურ გვერდზეა ანონსი, რომ ხვალ თქვენ მღერით ჯგუფ "1/4" -თან ერთად
- არაფერს არ ვმღერი ხვალ
- ხვალ არ აპირებთ ახალციხეში ჩამოსვლას?
- არა მეთქი, რამდენჯერ უნდა გითხრა
- ახალციხის მერიც ადასტურებს, რომ თქვენი სურვილით მოდიხართ კონცერტზე
- მერი რას ამბობს მე არ ვიცი, მე ვამბობ რომ არ მაქვს ხვალ ახალციხეში დაგეგმილი კონცერტი.
- მას შემდეგ გადაიფიქრეთ რაც საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოჰყვა თქვენს ჩამოსვლას?
- არაფერი არ გადამიფიქრებია, არ მქონია მე ახალციხეში კონცერტი, კარგად ბრძანდებოდეთ" - განაცხადა კაბუმ "მეცხრე არხთან" საუბრისას.
შეგახსენებთ, რომ 27 დეკემბერს ახალციხეში, წინასაახალწლოდ დაგეგმილ ღონისძიებაზე კაბუს ჯგუფ "1/4"-თან ერთად უნდა ემღერა. ამის შესახებ ინფორმაცია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ გაავრცელა.
მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი კი აცხადებს, რომ კაბუ არ არის მსჯავრდებული, ბრალდებულია და არ უნდა დავარღვიოთ უდანაშაულობის პრეზუმფცია. მისივე თქმით, კონცერტში მონაწილეობის სურვილი რეპერმა თავად გამოთქვა და მერია მას ჰონორარს არ გადაუხდის.
შეატყობინა თუ არა კაბუმ ახალციხის მერიას საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ და ნამდვილად გაუქმდა თუ არა მისი ჩამოსვლა რეგიონში, "მეცხრე არხი" მუნიციპალიტეტისგან პასუხს ელის.
Տարածեք :