ვანის ქვაბებთან უსაფრთხოების ზომების განხორციელება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება.
პროექტს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ვანის ქვაბები ასპინძის მუნიციპალიტეტში, ვარძიის კომპლექსამდე არ მისული 3-4 კილომეტრში, მდინარე მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე პროექტის ფარგლებში პარკინგის, საინფორმაციო ცენტრის, საპირფარეშოებისა და უშუალოდ ძეგლზე არსებული უსაფრთხოების ზომების განხორციელება იგეგმება, კერძოდ, მოეწყობა მოაჯირები, მოხდება ჯებირებისა და კიბეების რეაბილიტაცია.
"მეცხრე არხის" მიერ მუნიციპალური განვითარების ფონდიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, პროექტი ერთწლიანია. დაწყების სავარაუდო თარიღი მიმდინარე წლის 30 მაისია, დასრულების – 2018 წლის 30 მარტი.
ვანის ქვაბებთან უსაფრთხოების ზომების განხორციელება და ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარების მესამე პროექტის ფარგლებში იგეგმება.
ვანის ქვაბების გამოქვაბულთა კომპლექსი VIII – XVI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ნიმუშია.
ვანის ქვაბების კლდეში ნაკვეთი 200-მდე გამოქვაბული 16 სართულადაა განლაგებული. სამონასტრო კომპლექსში შედის კლდეში ნაკვეთი სადგომები, ქვაბები და სამეურნეო დანიშნულების სათავსები, ეგვგერ-სამარხები, საძვალე, თავშესაფარი, სამიმოსვლო გვირაბები და 6 ეკლესია. შემორჩეწილია სამი ტრასის წყალსადენი და წყალსაცავის ნაშთი, მხატვრობის ფრაგმენტები და ისტორიული ხასიათის მნიშვნელოვანი წარწერები.
ამ უძველეს ქვაბთა ჯგუფში დღემდე დაცული ეკლესია VIII საუკუნით თარიღდება.