”სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს“ - არარატ თთიანი ე.წ„რუსულ კანონზე“
12 წელია ინტერნეტ სივრცეშია, ხოლო ლიცენზირებული სათემო რადიოს სტატუსით „ნორი“ უკვე ათი წელია სარგებლობს. ორგანიზაცია ნინოწმინდაში მაუწყებლობს და ადგილობრივ მსმენელს თუ მკითხველს, რეგიონისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის.
ისევე, როგორც სხვა დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, „ნორიც“ უცხოური გრანტებით ფინანსდება და ასე ცდილობს საქართველოს მოსახლეობას, სანდო ინფორმაცია მიაწოდოს და მათი საჭიროებები ობიექტურად გააშუქოს.
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ე.წ “რუსული კანონის“ შემდეგ, სხვა ორგანიზაციების მსგავსად, „ნორიც" გამოწვევის წინაშე დადგა. რადიომ შესაძლოა ერთ დღეს მაუწყებლობა შეწყვიტოს, რადგან მისი ხელმძღვანელი „აგენტად“ რეგისტრაციას არ აპირებს, შესაბამისად კანონის გამო, ვერც დაფინანსების მოპოვებას შეძლებს. როგორ გააგრძელებს მუშაობას ამ ეტაპზე არარატ თთიანმა ჯერ არ იცის.
„ამ ეტაპზე გვაქვს რამდენიმე პროექტი. ერთ-ერთი ,,IREX” -ის პროექტია, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და „რუსული კანონის“ შესახებ, რომელიც უკვე ძალაში შევიდა, მოსახლეობას ზუსტ ინფორმაციას ვაწვდით. ჯერ მუშაობას ვაგრძელებთ, დარეგისტრირებას არ ვაპირებთ, სამომავლოდ ვნახოთ როგორ აისახება ეს ყველაფერი ჩვენზე და როგორ გავაგრძელებთ მუშაობას“- გვეუბნება არარატ თთიანი.
გარდა აღნიშნულისა, რადიო „ნორის“ გუნდის გამოწვევა დეზინფორმაციასთან ბრძოლაც არის. გუნდის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რომელიც მოსახლეობისთვის რუსული კანონის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს, სრულად ეფექტური ვერ გამოდგა. რადიოს დირექტორი აზრით, საზოგადოების ნაწილი მაინც ფიქრობს, რომ კანონი „გამჭვირვალობისთვის“ მიიღეს. არარატ თთიანი დეზინფორმაციის პრობლემაზეც ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ ნინოწმინდაში თავისუფალმა მედიაორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ და ადგილობრივებს მიმდინარე მოვლენების შესახებ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ.
„ეს არის კანონი, რომელიც სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს. საზოგადოებაში აზრები განსხვავებულია, თუმცა ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხალხს კითხვები უჩნდება. რატომ ამბობთ, რომ ეს არის რუსული კანონი? ჩვენ მაგალითები მოგვყავს, რომ რუსეთში ანალოგიური კანონი მოქმედებს და მას მერე რაც დაემართა მედიას რუსეთში, ყველასთვის ნათელია. ასე ვუხსნით, მაგრამ მაინც ძლიერია დეზინფორმაცია, ხალხს კი მისი უფრო სჯერა“-ამბობს არარატ თთიანი.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.
კანონის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.