ჩვენი გამჭვირვალობა ბევრად მაღალია, ვიდრე მათი, ვინც ეს კანონი მიიღო - ნინა ხელაძე
საქართველოში, ე.წ „რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ, ახალი ეტაპი დაიწყო. გაიხსნა უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრი. ორგანიზაციებს ევალებათ სექტემბრამდე დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო მათ მიმართ სამართლებრივ ზომებს გაატარებს.
მიუხედავად ვალდებულებისა, ორგანიზაციების უმრავლესობა რეგისტრაციას არ აპირებს. მათ რიცხვშია მედია ორგანიზაცია "TOK TV". მაუწყებლის განვითარების მენეჯერის ნინა ხელაძის თქმით, ისევე როგორც სხვა დამოუკიდებელი ორგანიზაციები, ახალი კანონების მიღების გარეშე ისინიც გამჭვირვალეები არიან. მათ აქამდეც ჰქონდათ ფინანსური ვალდებულებები, როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიასთან, ისე სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან.
„ჩვენი გამჭვირვალობა ბევრად მაღალია, ვიდრე იმ ადამიანების, ვინც ეს კანონი მიიღო. ცალსახაა, რომ მათი მიზანი გამჭვირვალობა არ ყოფილა, მათი მიზანი ჩვენი მუშაობის გაჩერებაა. გარდა ამისა, ჩვენ ყველა ფინანსურ ვალდებულებას ვასრულებთ, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვთ დაწესებული მაუწყებლებისათვის“ - გვეუბნება ნინა ხელაძე.
მისი თქმით, "TOK TV" რეგიონებში და მათ შორის სამცხე-ჯავახეთში, ადგილობრივი მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს. მაუწყებლის გაშუქების შედეგად, არაერთი პრობლემა მოგვარდა და მათი მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვალა. ე.წ „რუსული კანონის“ ამოქმედების შემდეგ არა მხოლოდ მედია, არამედ მოსახლეობაც დაუცველი ხდება.
„ჩვენი ნებისმიერი საქმე ხალხის დახმარებას და მათ კეთილდღეობას ემსახურება. უცხო ქვეყნის გავლენები და მათი ინტერესების გატარება ალოგიკური და აბსურდულია. ეს კანონი, რუსეთთან დაახლოების მეტს არაფერს მოგვიტანს. ადრე თუ გვიან იმ ადამიანებზეც აისახება ცუდად, ვისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ და ისინი დაუცველები დარჩებიან, ამიტომ ახლა ამ სიტუაციაში ჩვენ გვჭირდება, ამ ხალხის გვერდში დგომა“- ამბობს, "TOK TV" -ის განვითარების მენეჯერი.
ათიათასობით მოქალაქის, საზოგადოებრივი და მედიაორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს კანონი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" მაინც მიიღო, 28 მაისს კი საქართველოს პრეზიდენტის ვეტო დაძლია. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მტკიცებით, კანონის მიზანია, უცხოეთიდან შემოსული დაფინანსებები გამჭვირვალე იყოს.
კანონი პირველი აგვისტოდან უკვე ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, ის მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე მეტს უცხოელი დონორებისგან იღებენ, იძულებულნი ხდებიან დარეგისტრირდნენ, როგორც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია", წინააღმდეგ შემთხვევაში დაჯარიმდებიან. მსგავსი კანონი 2012 წლიდან მოქმედებს რუსეთში. კანონის ამოქმედების შემდეგ ოკუპანტ ქვეყანაში მრავალი ორგანიზაცია დაიხურა. რუსეთში აღარ არსებობს დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება.
როგორც უკვე ცნობილია, საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთის მხრიდან მძაფრი რეაქცია მოჰყვა. კრიტიკულ განცხადებებთან ერთად, საქართველოს ევროპაში ინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ამოქმედდა სხვადასხვა სანქციები და ფინანსური შეზღუდვები, როგორც ევროპის ისე ამერიკის მხრიდან. საქართველოში კი პრეზიდენტმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, კანონის შეჩერების მოთხოვნით, რომელსაც სასამართლო დაახლოებით ერთი თვის ვადაში განიხილავს.