ჩვენ არ დავუთმობთ არაფერს არავის - უკრაინის პრეზიდენტი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 თებერვალს გამართული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ მიმართა ერს და თქვა, რომ უკრაინა მშვიდობიანი და დიპლომატიური გზის ერთგული რჩება.
"ჩვენ ჩვენსავე მიწაზე ვართ, ჩვენ არ გვეშინია არავისი და არაფრის, ჩვენ არ გვმართებს არაფერი არავისი, ჩვენ არ დავუთმობთა რაფერს არავის“- თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა ორშაბათს, 21 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ბრძანებას, რომლითაც მან აღიარა უკრაინის ტერიტორიების, ე.წ. ლუგანსკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკების "დამოუკიდებლობა" და ხელი მოაწერა რუსული ჯარების შესვლას ამ ტერიტორიებზე „მშვიდობის შესანარჩუნებლად“.
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რუსეთის ამ ნაბიჯს უკრაინის „ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა“ უწოდა დასძინა, რომ უკრაინის საერთაშორისო საზღვრები უცვლელი დარჩება, მიუხედავად რუსეთის განცხადებებისა და მუქარისა.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოითხოვა საგანგებო შეხვედრა ნორმანდიის ოთხეულთან, რომელშიც შედიან გერმანია, რუსეთი, უკრაინა და საფრანგეთი.
მან აღნიშნა, რომ პუტინის ბოლო ნაბიჯი ძირს უთხრის მიმდინარე „მშვიდობიან“ მოლაპარაკებებს და „შეიძლება ნიშნავდეს რუსეთის ფედერაციის ცალმხრივ გამოსვლას მინსკის შეთანხმებიდან და ნორმანდიის შეთანხმების იგნორირებას“.
ზელენსკიმ გაიმეორა, რომ უკრაინას "მშვიდობა" სურს, თუმცა რუსული აგრესიისთვის მზად იყო "დიდი ხნის განმავლობაში".
უკრაინის მოქალაქეებს მან უთხრა, რომ უკრაინა კრიზისს მშვიდად და თავდაჯერებულად გაუმკლავდება. ზელენსკიმ მთელ ერს მადლობა გადაუხადა ბოლო მოვლენებზე მშვიდი რეაგირებისთვის.
„ახლა 2014 წლის თებერვალი კი არა, 2022 წლის თებერვალია. ეს სხვა ქვეყანაა. ეს სხვა არმიაა. ერთადერთი მიზანი გვაქვს: მშვიდობა“- თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, რომელიც ნორმანდიის ჯგუფთან შეხვედრების გარდა აპირებს კონსულტაციების დაწყებას ბუდაპეშტის მემორანდუმის მხარეებთან - აშშ-თან, დიდბ რიტანეთთან და საფრანგეთთან და ითხოვს ეუთოს მისიის განახლებას უკრაინაში.
ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის ცნობის შესახებ ხელმოწერილ ბრძანებულებაში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი „მშვიდობის დასაცავად“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავალებს, რომ შეიყვანოს ჯარი აღნიშნულ ტერიტორიაზე.
გადაწყვეტილება „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ უკანონო რეჟიმების „დამოუკიდებლობის“ აღიარების შესახებ დაგმეს ნატომ, ევროკავშირმა და ვაშინგტონმა.
თეთრი სახლის ცნობით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით სანქციების დაწესების განკარგულებას მოაწერა ხელი .
სანქციები კრძალავს აშშ-ს წარმომადგენლების ახალ ინვესტიციებსა და ფინანსურ საქმიანობას უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ამ ტერიტორიებიდან ნებისმიერი საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების აშშ-ში იმპორტს და საქონლის, მომსახურების ან ტექნოლოგიების პირდაპირ ან არაპირდაპირ ექსპორტს აშშ-დან რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.