ბორჯომში, ჩითახევთან, ჯომარდობაში მოყვარულთა შორის საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება.
მასში მონაწილეობას 18-დან 29-წლამდე ასაკის 6 ათასამდე ახალგაზრდა მიიღებს. მონაწილეთა მგზავრობას თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები უზრუნველყოფენ.
ჩემპიონატი 4 აგვისტოს დაიწყება, გამარჯვებულები კი 15 ოქტომბერს გამოვლინდებიან.
საქართველოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჯომარდობაში საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ახალი პროექტია.
ჩემპიონატი სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ხორციელდება.
„მაისის მიწურულს საქართველომ ჯომარდობაში ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლა. პირადად დავესწარი ტურნირს და მინდა გითხრათ, რომ ეს იყო ძალიან სასიამოვნო და საინტერესო სანახაობა. სპორტის ასეთი სახეობები ხელსუწყობს ახალგაზრდებში ჯანმრთელი ცხოვრების წესის დანერგვას, რეგიონების გამოცოცხლებას და სპორტული ტურიზმის განვითარებას. სწორედ ამიტომმ ივესალმებით ასეთ პროექტებს. ჩემპიონატს მცოდნე ხალხი ატარებს და ამიტომ, დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ჩინებულად ჩაივლის. მონაწილეებს და საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს წარმატებას ვუსურვებ", - განაცხადა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა დღეს, 24 ივლისს გამართულ პრესკონფერენციაზე.
„როდესაც კონკრეტულ ღონისძიებაში 6 ათასამდე ადამიანი მონაწილეობს, სამართლიანია ვთქვათ, რომ ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. ჯომარდობის ფედერაციას საკმაო გამოცდილება აქვს საიმისოდ, რომ ჩემპიონატი უმაღლეს დონეზე ჩაატაროს და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება" - განაცხადა ჯომარდობის ფედერაციის ხელმძღვანელმა დავით ქაცარავამ.
საორგანიზაციო კომიტეტის თქმით, ჩემპიონატი რამდენიმე ეტაპად ჩატარდება, თითო საშეჯიბრო დღეს კი 32 გუნდი იასპარეზებს. ჩემპიონი რამდენიმე დაშვების ჯამში გამოვლინდება. ტურნირი გრძელ და მოკლე დისტანციებზე გაიმართება.
ახალგაზრდულ ჩემპიონატში მონაწილეობის მსურველების რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე:
https://docs.google.com/forms/d/16c3qV9rJ_bpqE9p7ey0rMK71Gb8-WHhw_D_fFkRTMdQ/edit?ts=596cb500