ნინოწმინდის სოფელ ყაურმის მკვიდრი კარანტინიდან ისე გამოუშვეს, რომ კორონავირუსზე სრულყოფილად არ შეამოწმეს. მიუხედავად იმისა, რომ მამაკაცს ვირუსის ნიშნები არ აღენიშნებოდა, სახლში მისვლიდან ორ დღეში გორის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მას უთხრეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულია.
ნინოწმინდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ტიგრან ეგოიანის თქმით,
,,ჯერ ტესტის პასუხები არ გვაქვს, ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია, თავს კარგად გრძნობს, არც ტემპერატურა აქვს და არც არაფერი. სოფელშიც იციან, რომ კაცი წაიყვანეს, რათა დიაგნოზი დაუსვან. ყველაფერი დამოკიდებულია ტესტის პასუხზე, მერე თბილისი გაგვაკონტროლებს - გვეტყვის სად, რა და როგორ უნდა გავაკეთოთ და ჩვენც გავაკეთებთ. გუშინ დაგვირეკეს და გვითხრეს, რომ უნდა ნახოთ ეს ადამიანი და გამოგვიგზავნოთ კვლევისთვის, რაც გავაკეთეთ. ალბათ უფრო გაუგებრობა იყო, ვიდრე შეცდომა, მე ასე ვფიქრობ".