ჯანდაცვა
„ვიოლა შეხვედრაზე დარჩა, მაგრამ კლინიკაში მალევე დაბრუნდა“ - რეანიმატოლოგი იმუნიზაციის ექიმზე
მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატის განცხადებას, რომ იმუნიზაციის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე შემთხვევის დროს კლინიკაში არ იმყოფებოდა, რეანიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი ადასტურებს. გიორგი აფციაურის თქმით, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად იმყოფებოდა.
,,როგორც კი დამირეკეს, მაშინვე მოვტრიალდი კლინიკაში, ქალბატონი ვიოლა დარჩა, მაგრამ ისიც მალევე დაბრუნდა“, - აცხადებს ექიმი-რეანიმატოლოგი.
კითხვაზე, მაშინ ვინ გაუწია პირველადი დახმარება შოკურ მდგომარეობაში მყოფ მედდას - პასუხობს, რომ უმცროსმა რეანიმატოლოგმა ბექა ლიპარტელიანმა.
პროკურატურის ინფორმაციით, გარდაცვლილ მედდას, როდესაც ცუდად გახდა, რეანიმატოლოგი არ მიშველებია. არც ვიოლეტა ინასარიძე იმყოფებოდა დაყოვნების ოთახში. არადა 20 მარტს მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში ვიოლეტა ინასარიძემ დეტალურად ისაუბრა, რა სახის პირველადი დახმარება აღმოუჩინა მეგი ბაქრაძეს დაყოვნების ოთახში.
პროკურატურა ექიმებს - ვიოლეტა ინასარიძესა და ბექა ლიპარტელიანს, ასევე ექთან თეა გზირიშვილს არასწორი ჩვენების მიცემას ედავება.
28 წლის მედდა 19 მარტს თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა იმედში“, 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.
კლინიკა იმედის ორ ექიმსა და ერთ ექთანს პროკურატურამ ბრალი ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, 7 აპრილს წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, მათ ხელი შეუშალეს მართლმსაჯულებას და პირადი მოტივით, რათა არ გამჟღავნებულიყო, რომ ვიოლა ინასარიძე არ იმყოფებოდა პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევის დროს პაციენტთან, გამოძიებას ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს.
სამივე პირს ბრალდება სსკ-ს 370 -ე მუხლის მე-2 ნაწილით (მართლმსაჯულების ხელის შეშლა, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით) წარედგინათ, ბრალდებულები წაყენებულ ბრალს აღიარებენ.
გააზიარეთ :