სამართალი
კლინიკა "იმედს" ყოფილი თანამშრომლები სამართლებრივად ედავებიან
ექიმი რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური კლინიკა "იმედს" უჩივის. მან სამოქალაქო სარჩელი ახალციხის რაიონულ სასამართლოში შეიტანა. ექიმს აინტერესებს, რის საფუძველზე გაათავისუფლა სამედიცინო დაწესებულების ადმინისტრაციამ რეანიმატოლოგის პოზიციიდან. გიორგი აფციაური მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გაშვება უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოხდა.
"გამომაგდეს. მიზეზს ვერ გეტყვით, არ ვიცი. არანაირი საუბარი არ ყოფილა. უბრალოდ ერთ დღეს დამიბარეს და მითხრეს, თავისუფალი ხარო. ან უნდა დამეწერა განცხადება და ჩემი ნებით წამოვსულიყავი, ან ბრძანებით. განცხადების დაწერაზე უარი ვთქვი და ბრძანებით გამომიშვეს... მაინტერესებს, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი. ჩემი გათავისუფლება სრულიად უსაფუძვლო იყო კლინიკის ადმინისტრაციისაგან" - აცხადებს მედიკოსი.
ექიმი არ გამორიცხავს, რომ კლინიკის გადაწყვეტილება მეგი ბაქრაძის ოჯახში მის ვიზიტს უკავშირდებოდეს, რა დროსაც გიორგი აფციაურმა ოჯახის წევრებს უთხრა, რომ შემთხვევის დროს იგი ადგილზე არ იმყოფებოდა. კლინიკას კი ამ დროს უკვე საპირისპირო ჰქონდა გაჟღერებული.
"ოჯახში რომ ავედი, ვუთხარი, რომ მე პირადად ვიყავი გასული. არ დამიმალია ეს ოჯახის წევრებისთვის. ან რატომ უნდა დამემალა, დასამალი არავისთან არაფერი არ მაქვს" - ამბობს ექიმი.
მისივე თქმით, გასული წლის 18 მარტს, როდესაც მეგი ბაქრაძის ვაქცინაცია მოხდა, ექთანი უმცროსი ექიმის, ბექა ლიპარტელიანის მეთვალყურეობის ქვეშ დატოვა და კლინიკის დავალებით სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე წავიდა. ეექიმის ვარაუდით, შესაძლოა "იმედმა" მისი გათავისუფლების მიზეზად ეს ფაქტიც გამოიყენოს, თუცა გიორგი აფციაურის მტკიცებით, კლინიკის ხელმძღვანელებმა კარგად იცოდნენ, რომ სამედიცინო დაწესებულებიდან მისი გასვლის შემთხვევაში, საავადმყოფოში არალიცენზირებული რეანიმატოლოგი რჩებოდა.
"იძახიან იმასაც, რომ არალიცენზირებული უმცროსი ექიმი დავტოვე, თუმცა მანამდეც დამიტოვებია, მაგრამ არავითარი შენიშვნა, საყვედური ან გაფრთხილება არ მოუციათ. უბრალოდ მიზეზი იყო ეს. იცოდნენ, რომ მე როცა მივდიოდი, კლინიკა რჩებოდა ლიცენზირებული რეანიმატოლოგის გარეშე" - ამბობს გიორგი აფციაური.
კლინიკის მიმართ დავა რამდენიმე თვეა დაწყებული აქვს კიდევ ერთ თანამშრომელს, რომელიც 1 ივლისს გიორგი აფციაურთან ერთად გაათავისუფლეს. ახალციხის რაიონულ სასამართლოში ვიოლეტა ინასარიძის სამოქალაქო სარჩელი უკვე განხილვაშია.
„მეხუთე პროცესი იმართება. სამოქალაქო სარჩელი გვაქვს უკანონო გათავისუფლებაზე, სამუშაოზე აღდგენაზე და განაცდურის ანაზღაურებაზე“ - აცხადებს ვიოლეტა ინასარიძის ადვოკატი ბონდო ვათიაშვილი.
„იმედის“ დირექტორი გვიდასტურებს, რომ მათი ყოფილი თანამშრომლები კლინიკას უჩივიან. გიორგი ბარძიმაძის თქმით, განხილვები დაწყებულია და ყველაფერს სასამართლო გადაწყვეტს.
„ეს ხალხი როცა გათავისფლდა, მაშინ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. შინაგანაწესის დარღვევა იყო რამდენჯერმე და იმიტომ გათავისუფლდნენ სამსახურიდან. ბრძანებაში ყველაფერია აღწერილი“ - აცხადებს კლინიკა „იმედის“ დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ მეგი ბაქრაძის საქმეში ფიგურანტი ექიმები გიორგი აფციაური და ვიოლეტა ინასარიძე კლინიკა „იმედიდან“ 2021 წლის 1-ელ ივლისს შინაგანაწესის რამდენიმე პუნქტის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. გათავისუფლებიდან მოკლე ხანში ორივე ექიმმა მუშაობა კლინიკა „ევექსში“ დაიწყო.
2021 წლის 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს "ასტრაზენეკას" ვაქცინა გაუკეთდა, ვიოლეტა ინასარიძე ამცრელი კაბინეტის ექიმი იყო. ვაქცინირებულ ახალგაზრდა ქალი კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა. მოგვიანებით გაირკვა, რომ როცა მეგი ბაქრაძე ცუდად გახდა, მის გვერდით არ იყვნენ რეანიმატოლოგი გიორგი აფციაური და ამცრელი კაბინეტის ექიმი ვიოლეტა ინასარიძე. ისინი ხელმძღვანელობის დავალებით სამხარეო ადმინისტრაციაში შეხვედრაზე წავიდნენ, კლინიკაში კი მას შემდეგ დაბრუნდნენ, როცა კოლეგის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ შეატყობინეს.
ვიოლეტა ინასარიძესთან ერთად, კიდევ ერთ ექიმს და ერთ ექთანს საქართველოს პროკურატურამ მეგი ბაქრაძის საქმეში ცრუ ჩვენების მიცემისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მეორე ნაწილით ბრალი წარუდგინა.
გააზიარეთ :