რუსეთი „არამეგობრულ ქვეყნებში“ ბუნებრივ აირს მხოლოდ რუბლებში გაყიდის
ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთი „არამეგობრულ ქვეყნებში“ ბუნებრივი აირის მიწოდების საფასურს მხოლოდ რუბლებში მიიღებს.
რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობა და ფასი აქამდე დადებული ხელშეკრულებების თანახმად მოხდება.
„გადავწყვიტე განვახორციელო ღონისძიებათა მთელი რიგი გადასახადების გადარიცხვის შესახებ - დავიწყოთ იმით, რომ „არამეგობრული ქვეყნებისთვის“ ჩვენი ბუნებრივი აირის მიწოდება რუსული რუბლის სანაცვლოდ მოხდება, თანაც რაც შეიძლება მალე“, - განაცხადა პუტინმა.
ამავდროულად, რუსეთის ლიდერმა აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს ბუნებრივი აირის მიწოდებას „მოცულობებისა და ფასების შესაბამისად, ადრე დადებულ ხელშეკრულებებში დაფიქსირებული ფასების პრინციპების შესაბამისად“.
„ზოგიერთი კოლეგისგან განსხვავებით, ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საქმიან რეპუტაციას, როგორც სანდო პარტნიორსა და მიმწოდებელს“, - განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტს დაავალა გასცეს შესაბამისი დირექტივა „გაზპრომისთვის“ არსებული კონტრაქტების ცვლილების შესახებ.
„ამავდროულად, ყველა უცხოელ მომხმარებელს უნდა მიეცეს შესაძლებლობა განახორციელოს საჭირო ტრანზაქციები და აუცილებელია მათთვის შეიქმნას გასაგები, გამჭვირვალე პროცედურა გადახდების განსახორციელებლად, მათ შორის რუსული რუბლის ყიდვისას ჩვენს შიდა სავალუტო ბაზარზე. ვთხოვ რუსეთის ბანკს, მთავრობასთან ერთად, განსაზღვროს ასეთი ტრანზაქციების განხორციელების პროცედურა ერთი კვირის ვადაში“, - აღნიშნა პუტინმა.