ვის უმკურნალებენ „პაქსლოვიდით“?
თსსუ-ს პროფესორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, „პაქსლოვიდით“ 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებს უმკურნალებენ.
როგორც ივანე ჩხაიძე განმარტავს, ჯერჯერობით ქვეყანაში კორონავირუსის სამკურნალო სხვა მედიკამენტის შემოტანაზე საუბარი არ მიმდინარეობს, რადგან „პაქსლოვიდი“ ყველაზე მაღალეფექტური პრეპარატია.
„პაქსლოვიდი“ არ არის ის პრეპარატი, რომელიც ყველამ უნდა გამოიყენოს. აღნიშნული მედიკამენტი 12 წლის ზემოთ ასაკის ადამიანებში, მათ შორის ბავშვებშიც გამოიყენება. პრეპარატი ინიშნება იმ კონტინგენტში, რომელსაც დაავადების დამძიმების მაღალი რისკი გააჩნია. რა თქმა უნდა, ეს ჩამონათვალი დეტალურად არის განსაზღვრული და ასაკობრივი ფაქტორი გასათვალისწინებელია. თუ „პაქსლოვიდს“ აქტიურად გამოვიყენებთ, ჩათვალეთ, რომ მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. როგორც კვლევებიდან არის ცნობილი, 89%-ით ამცირებს დაავადების გართულებით საავადმყოფოში მოხვედრის რისკს.
ამბულატორიულ პაციენტებში, რომელთანაც დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს და დიაგნოზი დადასტურებულია, პირველი 5 დღის განმავლობაში, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს დაწყებული პრეპარატის მიღება. პირველი 5 დღის განმავლობაში ამ დასალევი პრეპარატის მიღება საშუალებას გვაძლევს ჩავთვალოთ, რომ რისკის ჯგუფის მოსახლეობაში მოვახერხებთ მდგომარეობის კონტროლს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ სხვა პრეპარატის შემოტანაზე საუბარი არ არის. „პაქსლოვიდი“ დღეს საუკეთესოა. ყველაზე მაღალეფექტური პრეპარატი გვაქვს ქვეყანაში“,- აღნიშნავს ჩხაიძე.