,,სამცხე–ჯავახეთში 3 დარღვევა დაფიქსირდა"– სამართლიანი არჩევნები
ხმების პარალელური დათვლის შედეგებს სამართლიანი არჩევნები" აქვეყნებს. ორგანიზაცია ჩატარებულ არჩევნებს აფასებს.
,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2018 წლის 28 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს მთელ საქართველოს ტერიტორიაზე ყველა საარჩევნო ოლქში აკვირდებოდა. „სამართლიანი არჩევნების“ სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 800 საუბნო, 73 საოლქო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლისა და 78 მობილური ჯგუფისგან.
„სამართლიანი არჩევნების“ხმების პარალელური დათვლის PVT მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ხმის დათვლის პროცესი უმეტესწილად საარჩევნო პროცედურების დაცვით მიმდინარეობდა. კენჭისყრის პროცესის მსგავსად, ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესში დაფიქსირდა რიგი დარღვევები, როგორიცაა შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა, დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვა, ბიულეტენებისა და ხელმოწერების რაოდენობას შორის დისბალანსი, დოკუმენტების დალუქვის წესის დარღვევა. ცალკეულ უბნებზე ბიულეტენები, რომლებზეც ამომრჩევლის ნება იკვეთებოდა, არასწორად გააბათილეს.
ამ დროისთვის „სამართლიან არჩევნებს“ 73 საჩივარი წარდგენილი აქვს საუბნო კომისიებში, ხოლო 82 საოლქო საარჩევნო კომისიებში.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 46.6% შეადგინა (+/- 0.8%-იანი სანდოობის ინტერვალით), რაც 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობის მაჩვენებლის მსგავსია.
საარჩევნო უბნების 0.6%-ზე დაფიქსირდა არაუფლებამოსილი პირების ყოფნის ფაქტები.
წარმოგიდგენთ 7 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მონაცემებს PVT-ის შემთხვევითი შერჩევის პრინციპით გამოვლენილი უბნების 99.0%-დან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით. ყოველი შედეგისთვის ცდომილების ზღვარი მითითებულია ცხრილში და ის გამოთვლილია 95%-იანი სანდოობის ინტერვალით.
კანდიდატი გამოთვლილი პროცენტი ცდომილების ხარისხი მინიმალური შედეგი მაქსიმალური შედეგი:
#5 გიგოლ ვაშაძე 38.5% 1.0% 37.5% 39.5%
#48 სალომე ზურაბიშვილი 37.6% 0.9% 36.7% 38.5%
#2 დავით ბაქრაძე 11.0% 0.5% 10.5% 11.5%
#10 შალვა ნათელაშვილი 3.8% 0.2% 3.6% 4.0%
#25 დავით უსუფაშვილი 2.3% 0.2% 2.1% 2.5%
#36 ზურაბ ჯაფარიძე 2.2% 0.2% 2.0% 2.4%
#21 კახა კუკავა 1.3% 0.1% 1.2% 1.4%
ყველა სხვა კანდიდატის შედეგი 1%-ზე ნაკლებია.
გრიგოლ ვაშაძის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი მერყეობს 37.5%-სა და 39.5%-ს შორის, ხოლო სალომე ზურაბიშვილის მიერ მიღებული ხმების პროცენტული მაჩვენებელი - 36.7%-სა და 38.5% ინტერვალშია.
„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ბათილად ცნობილი ბიულეტენთა პროცენტული მაჩვენებელი ქვეყნის მასშტაბით შეადგენს 3.2% (+/- 0.2%-ანი სანდოობის ინტერვალით). ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია 2013 წლის საპრეზიდენტო მონაცემთან შედარებით (1.8%).
„სამართლიანი არჩევენების“ დამკვირვებლების მიერ სამცხე-ჯავახეთში დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
ბიულეტენთან დაკავშირებული პროცედურების დარღვევა:
• #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #34 საარჩევნო უბანზე ბათილად ცნეს ორი ბიულეტენი, რომელზეც იკითხებოდა ამომრჩევლის ნება.
შემაჯამებელი ოქმის არასათანადოდ შედგენა:
• #37 ახალციხის საარჩევნო ოლქის #25 საარჩევნო უბანზე შედგენილი შემაჯამებელი ოქმი არ იყო დამოწმებული საარჩევნო კომისიის ბეჭდით.
სიტყვიერი დაპირისპირება
• სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი ახალქალაქის #40 საოლქო საარჩევნო კომისიაში, სადაც სამართალდამცველები გამოიძახეს, მას შემდეგ რაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებსა და კომისიის თავმჯდომარესა და წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. არჩევნების დღის სადამკვირვებლო მისია ასევე მხარდაჭერილია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ფონდ „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ სამართლიან არჩევნებს“ და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის, გერმანიის ან NED-ის შეხედულებებს.