11 კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტიდან, სამცხე–ჯავახეთის სამ მაჟორიტარულ ოლქში, კანდიდატი რამდენიმე პარტიამ უკვე დაასახელა. მათგან ქალი არც ერთია.მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტში მეტი ქალის ყოფნას, ყველა პოლიტიკური ძალა მიესალმება.
პარტიებში კანდიდატებად ქალების არდასახელების რამდენიმე მიზეზზე საუბრობენ. შალვა გოგოლაძე არ გამორიცხავს, რომ ახალციხე–ადიგენის მაჟორიტარულ ოლქში, პარტიის კანდიდატი ქალი იყოს. ,,თავისუფალი დემოკრატები“ პარლამენტში ქალთა რაოდენობის გასაზრდელად, კვოტირების სისტემის დაწესებას მხარს უჭერენ, თუმცა გოგოლაძის პოზიცია ლიდერებისგან განსხვავებულია.
მიუხედავად იმისა, რომ ,,საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ერთ–ერთი ლიდერი ქალია, პარტიის ახალციხის ოფისში ამბობენ, რომ ქალებს მაჟორიტარ კანდიდატობას ნაკლები ამბიცია და აქტიურობა აშორებთ.
ერთადერთი ქალი, რომელიც რეგიონში მაჟორიტარ კანდიდატად მოიაზრება, ,,რესპულიკელი“ თამარ გოგოლაძეა. იგი ამბობს, რომ პარტიამ ახალციხე–ადიგენის ოლქში კანდიდატობა შესთავაზა, თუმცა მას გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. გოგოლაძის თქმით, მთავარი პრობლემა ფინანსური მხარეა, რომელიც მამაკაცი კანდიდატების სასარგებლოდ უფრო მარტივად წყდება, ვიდრე ქალების.
მაჟორიტარ კანდიდატებსა და პროპორციულ სიაში ქალების სიმცირეს, ქართულ მენტალიტეტს მიაწერენ ,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ახალციხის ოფისში. ჯიმშერ გოგოლაური ამბობს, რომ ქართული პოლიტიკისთვის მამაკაცს ქალზე მეტი დრო რჩება.
ქალებს არჩევნებში გამარჯვება გაუჭირდებათ – ამბობს თამარ გოგოლაძე და მას ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ეთანხმება. მათი თქმით, სწორედ ესაა ერთ–ერთი მიზეზი, როს გამოც პარტიები, მაჟორიტარი კანდიდატის შერჩევისას და პროპორციული სიის შედგენისას, უპირატესობას მამაკაცებს ანიჭებენ.
აღნიშნულ საკითხზე ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, კომენტარი არ გააკეთეს.
|