,,თუ არ გაკეთდება შიდა განვადებები, გაყიდვები გაიყინება" - ტექნიკის მაღაზიები პრობლემებზე ჩივიან
საქართველოში ტექნიკის მაღაზიებმა მომსახურების პირობები შეცვალეს და ბანკების გვერდის ავლით, მომხმარებლებს შიდა განვადებას უმტკიცებენ. დოლარის კურსის ზრდის შემდეგ მაღაზიებში ფასი გაიზარდა, პროდუქციის გაძვირებამ კი მომხმარებლის კლება გამოიწვია, რაც ბიზნესისთვის კრიზისის გამომწვევი ფაქტორი აღმოჩნდა.
თუ არ გაკეთდება შიდა განვადებები, გაყიდვები გაიყინება. ეს კი ზიანს მოუტანს ბიზნესს. ამჟამად ტექნიკით მოვაჭრე მაღაზიები რთულ მდგომარეობაში არიან, რადგან თვითღირებულება გაზრდილია დოლარის კურსის გამო და რეალიზაციის მაჩვენებელი კი დღითი დღე იკლებს. გაცილებით მძიმე მდგომარეობაა წვრილი ტექნიკის მაღაზიებში, რადგან მათი მთავარი საარსებო თანხა არის ე.წ. დღიური ნავაჭრი თანხა. ამიტომ ასეთ მაღაზიებში განსაკუთრებულად მწვავეა კლიენტების სიმცირე.
მომხმარებლები, საბანკო სესხითაც ვერ ახერხებენ სარგებლობას, მიმდინარე წლის რეგულაციების გამო. იმ ადამიანებს, ვისაც საოჯახო ტექნიკა სჭირდებათ, იძულებით უწევთ ახალ ფასებთან შეგუება, თუმცა მსყიდველთუნაურიანობა ძალიან დაბალია. შემცირებულია შიდა განვადებებიც და ამის ფონზე ტექნიკის რეალიზაციაც ძალიან დაბალია.
ლარის გაუფასურებისა და რეგულაციების შემდეგ მაღაზიებს სჭირდებათ ალტერნატიული გზების ძიება. იმისათვის, რომ რეალიზაცია კიდევ არ შემცირდეს, სხვადასხვაგვარ კომბინაციებს აწყობენ. `საზოგადოება და ბანკები~ ხელმძღვანელი გიორგი კეპულაძე ადასტურებს, რომ ,საცალო გაყიდვებში შეიმჩნევა კლება და სასურველია ამ მდგომარეობის გამოსწორება, რადგან ეს პირდაპირ მოქმედებს სამუშაო ადგილების რაოდენობაზე.
,,რაც შეეხება ტექნიკის მაღაზიებს, მათ მოუწევთ შესაბამისი კადრების მოძებნა, თანხის დახარჯვა იმისთვის, რომ გამართონ სისტემა, რასაც შიდა განვადება ჰქვია. ბევრი უნდა იმუშაონ ამ საკითხზე. ეს ინვესტიცია მომგებიანი უნდა აღმოჩნდეს. ერთი ფაქტია - მაღაზიებს სჭირდებათ ალტერნატიული გზების ძიება, ლარის კურსის გაუფასურების და რეგულაციების შედეგ შექმნილი მდგომარეობის გამო, რათა გაყიდვის მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად არ შეუმცირდეთ", - აცხადებს „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.