საპატრიარქოსა და 5 მუსლიმი ოჯახის დავა მიწებისთვის
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) განცხადებით, ადიგენში მუსლიმი გლეხების მიწები საპატრიარქოს უკანონოდ გადასცეს.
როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, 2018 წლის ბოლოს სოფელ კიკიბოსა და დერცელის მოსახლეებმა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიმართეს მათი ოჯახებისთვის 1990 და 2000-იან წლებში სახელმწიფოს მიერ გადაცემული ნაკვეთების რეგისტრაციის მიზნით, რომელიც კიკიბოს შემადგენლობაში შემავალ მცირე დასახლებაში, ქვაბიჯვარში (რომელიც ამჟამად დაცლილია მოსახლეობისგან) მდებარეობს.
,,სადავო მიწის ნაკვეთს ადგილობრივი ოჯახებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს. მრავალსულიანი ოჯახები თავს მესაქონლეობით ირჩენენ და საძოვრად ისინი სოფლის ამ ძირითად მიწის რესურსს იყენებდნენ. სოფლების რთული გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით, მოსახლეობა განიცდის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სიმწირეს. იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივი ოჯახები დაკარგავენ უფლებას მათ მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, ეს გამოიწვევს მათი ოჯახების რჩენისთვის ერთადერთი საშუალების დაკარგვას, რაც მათ ოჯახებს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსის გარეშე დატოვებს.
საკუთრების უფლების ხელყოფა კანონის საფუძველზე, მხოლოდ საზოგადოებრივი და კერძო ინტერესების ბალანსის დაცვით და სათანადო დასაბუთებით შეიძლება იყოს დასაშვები სათანადო კომპენსაციის პირობებში. მოცემულ შემთხვევაში გაუგებარია, რომელი კანონის ნორმის საფუძველზე მოხდა ორი სოფლის მოსახლეობის უძრავი ქონების განკარგვა, ხოლო ეკონომიკის სამინისტროს, ქონების ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებები არავითარ დასაბუთებას არ შეიცავს, თუ რომელი ინტერესები შეაპირისპირა სახელმწიფომ და რატომ გადაწყვიტა საკითხი ეკლესიის ქონების გაზრდის სასარგებლოდ, ადგილობრივი გლეხების ქონებრივი და სოციალური ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში".
EMC-ის ინფორმაციით, ამისთვის მოქალაქეებმა უწყებას წარუდგინეს მათ ხელთ არსებული უფლებადამდგენი დოკუმენტები, მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტები, რეგისტრაციის მოწმობები, გადასახადის გადამხდელთა სიები. თუმცა აღმოჩნდა, რომ მიწის ნაკვეთები, რომლებსაც ოჯახები წლების განმავლობაში მართლზომიერად ფლობდნენ და საძოვრად და სათიბად კოლექტიურად იყენებდნენ, 2018 წლის ოქტომბრიდან საქართველოს საპატრიარქოს საკუთრებაში იყო რეგისტრირებული.
ადიგენში, 13-მა ოჯახმა საჩივარი ახალციხის რაიონულ სასამართლოში უკვე შეიტანა, მათ უფლებებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტი დაიცავს. სასარჩელო მოთხოვნა კი შვიდი ჰექტარზე საძოვრების საპატრიარქოსთვის ჩამორთმევა და მათთვის გადაცემაა.
ზარზმის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძის თქმით, საპატრიარქომ ერთი წლის წინ კანონიერად დაირეგისტრირა ტერიტორია და არაფერია სადავო.
EMC იმედოვნებს, რომ წინა კონფლიქტების გათვალისწინებით, ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ თემს ეყოფა გამოცდილება, მსგავსი ფაქტები არ გახადონ მათ შორის გაუცხოების და დაძაბულობის საფუძველი.