ეკონომიკა
ნიშნავს თუ არა საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ხელფასის ზრდას - ფინანსთა სამინისტროს განმარტება
მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის მე-2 ეტაპის მიხედვით, 2020 წლის პირველი მაისიდან 6 თვის ვადით, 750 ლარამდე ხელფასი საშემოსავლო გადასახადისგან სრულად გათავისუფლდება. ასევე საშემოსავლო გადასახადისგან თავისუფლდება 1 500 ლარამდე შემოსავალი, თუმცა აქაც შეღავათი მხოლოდ 750 ლარზე წესდება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფინანსთა სამინისტრომ დახმარების მიღების ინსტრუქცია გამოაქვეყნა.
ის საწარმოები, ვინც უფლებამოსილნი არიან ისარგებლონ შეღავათით, მაისი-ოქტომბრის პერიოდში, ხელფასების გაცემის დროს საშემოსავლო გადასახადს:
- საერთოდ არ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც 750 ლარი ან უფრონაკლებია;
- ნაწილობრივ გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელთა ხელფასიც მეტია 750 ლარზე და არ აღემატება 1500 ლარს. ამ შემთხვევაში დარიცხულ ხელფასს აკლდება 750 ლარი დადარჩენილი თანხა იბეგრება საშემოსავლო გადასახადით; მაგ: თუ საწარმოში დასაქმებული პირის დარიცხული ხელფასი შეადგენს 1 000 ლარს, აღნიშნულ თანხას აკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს იხდის მხოლოდ დარჩენილ 250 ლარზე (50 ლარს)
- სრულად გადაიხდიან იმ დაქირავებულებზე, რომელზეც კონკრეტულ თვეში ხელფასი იქნება 1500 ლარზე მეტი;
ხელფასის 1 500 ლარიანი ზღვარი მოქმედებს კონკრეტულ თვეში გაცემულ ანაზღაურებაზე, ანუ მაგალითისთვის თუ მაისში დაქირავებულზე გაიცა 1 600 ლარი, ამ დაქირავებულზე საწარმო საშემოსავლო გადასახადის შეღავათით ვერ ისარგებლებს, მაგრამ თუ ამავე დაქირავებულზე ივნისში გაიცა 1 400 ლარი, ამ შემთხვევაში, ისარგებლებს შეღავათით და ივნისის საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის ნაწილობრივ, კერძოდ 1 400 ლარს გამოაკლდება 750 ლარი და საშემოსავლო გადასახადს გადაიხდის 650 ლარზე (130 ლარს); საწარმო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციას წარადგენს ჩვეულ რეჟიმში, მომდევნო თვის 15 რიცხვში.
ამასთან, როგორც ფინანსთა სამინისტროში განმარტავენ, შეღავათის დაწესება დასაქმებულის ხელფასის ზრდას არ ნიშნავს.
გთავაზობთ საშემოსავლო გადასახადის შეღავათთან დაკავშირებით დასმულ შესაძლო კითხვებს, რომელიც ფინანსთა სამინისტრომ გამოაქვეყნა:
ნიშნავს თუ არა ეს შეღავათი, რომ დაქირავებულ პირს უნდა გაეზარდოს ხელფასი?
არ ნიშნავს, ხელფასის განსაზღვრა ხდება დამქირავებლისა და დაქირავებულს შორის შეთანხმებით. ეს შეღავათი ხარჯებს უმცირებს საწარმოს და მისი გადასაწყვეტია მიმართავს ხელფასის გაზრდის გზას თუ შეინარჩუნებს უფრო მეტ დაქირავებულს.
ისარგებლებს თუ არა ამ შეღავათით პირი, რომელიც დაქირავებით მუშაობს ორ ან მეტ საწარმოში?
ისარგებლებს. გადასახადისგან გათავისუფლდება პირის მიერ, თითოეული დამქირავებლისგან მიღებული ხელფასი 750 ლარამდე, თუ ამავე დამქირავებელთან მიღებული ხელფასი არ აღემატება 1500 ლარს.
ხომ არ დაკარგავს ამ საგადასახადო შეღავათის გამოყენებით პირი სხვა შეღავათს, რომელიც მას კანონმდებლობით ეკუთვნის? (მაგ: სარგებლობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილისთვის გათვალისწინებული შეღავათით ან სხვა შეღავათით)
არ დაკარგავს. პირი ისარგებლებს ორივე შეღავათით.
გააზიარეთ :