ეკონომიკა
ზეთი კიდევ გაძვირდება - მაღაზიის მეპატრონეები
ლარის გაუფასურების გამო, იმპორტირებული პროდუქციის ფასის ზრდა გარდაუვალია - ჯერ კიდევ სექტმებრის თვეში პროგნოზირებდნენ ეკონომისტები. ზუსტად ერთი წლის წინ, 2020 წლის აპრილში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის უფროსი თენგიზ კალანდაძე ამბობდა, რომ მთავრობას 9 ძირითადი სასურსათო პროდუქტის ფასის შენარჩუნებისთვის სუბსიდირების ხელშეკრულებები 20-მდე კომპანიასთან ჰქონდა გაფორმებული. ეს პროდუქტებია - ბრინჯი, ლობიო, მაკარონი, წიწიბურა, შაქარი, ხორბალი, ფქვილი, ზეთი და რძის ფხვნილი.
საქართველოში, ბოლო ერთი თვის განმავლობაში მცენარეული ზეთის ფასი გაორმაგდა. მაღაზიის მეპატრონეების თქმით, მიზეზი მზესუმზირის ცუდი მოსავალია. დისტრიბუტორთა მიერ მიწოდებული ინფორმაციის გამო კი შიშობენ, რომ ზეთზე ფასი კიდევ უფრო გაძირდება. ,,ისეთი გაძვირებული შემოაქვთ, უკვე აღარც ვიცი რამდენი დავამატო, ხალხიც ხომ ცოდოა? უკრაინასა და რუსეთში შეიქმნა მზესუმზირის დეფიციტი და ამან გააძვირა ზეთიო, ასე გვეუბნებიან" - ამბობენ მაღაზიებში.
უფულობის გამო მოსახლეობის დიდ ნაწილს კვების რაციონის შემცირება მოუხდა. ადგილობრივები საკმარის პროდუქტს ვეღარ ყიდულობენ - მიზეზი კი შემცირებული ან საერთოდ განულებული შემოსავლების ფონზე გაორმაგებული ფასებია. ყველაზე გამაღიზიანებელი მოსახლეობისთვის იმ პროდუქტების გაძვირება აღმოჩნდა, რომლებიც "ქართული ოცნების" მთავრობამ პანდემიის დროს სამომხმარებლო კალათაში შეიყვანა და ფასების დაზღვევის მიზნით სუბსიდირება მოახდინა. ლობიო, მაკარონი, შაქარი, ფქვილი, ზეთი - 50-100 პროცენტით გაძვირდა.
საქართველოში საწვავის ფასი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 60 თეთრით გაძვირდა. ფასების ზრდა ეტაპობრივად გრძელდება. 21 აპრილის მონაცემით ბენზინის ფასი 2.99 ლარია. ნავთობპროდუქტების ღირებულების მატებასთან ერთად უკვე გაძვირდა მგზავრობაც. ,,სამცხე-ჯავახეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასი კიდევ მოიმატებს" - აცხადებს tv9news.ge -სთან შპს „ჯეოტივის“ დირექტორი. ნუგზარ მამუკაშვილი მგზავრობის გადასახადის გაძვირების მიზეზად საწვავზე ფასის მატებას ასახელებს.
დაცარიელებულ სადგურზე ძირითადად, მძღოლები და ფქვილის გამყიდველები არიან. გაძვირებულ მცენარეულ ზეთსა და საწვავთან ერთად მოსახლეობა ხორბლის ფქვილის ფასის გაზრდაზეც ჩივის. თუ გასულ წელს, 50 კგ-იანი ტომარა ფქვილის შეძენა 50 ლარად იყო შესაძლებელი, ხარისხისა და მწარმოებლის გათვალისწინებით წელს მისი ფასი 75-დან 80 ლარამდე მერყეობს.
პურ-პროდუქტების გაძვირებას, ეროვნული ვალუტის გაუფასურებით ხსნიან სამცხეში. 21 აპრილის ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით, ერთი დოლარის შეძენა 3.4499 ლარად არის შესაძლებელი.
გააზიარეთ :