რა გაძვირდა სექტემბერში ყველაზე მეტად?
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.2%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა სექტემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.3% შეადგინა, თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 6.3%-ით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.9%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 4.99 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე:
ზეთი და ცხიმი - 40.7%;
ბოსტნეული და ბაღჩეული - 38.2%;
რძე, ყველი და კვერცხი - 17.1%;
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 16.6%;
პური და პურპროდუქტები - 13.2%;
მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 12.6%;
თევზეული - 11.5%;
ხორცი და ხორცის პროდუქტები - 10.4%;
ყავა, ჩაი და კაკაო - 7.1%.
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 20.3%-ით, რაც 2.47 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები გაიზარდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (29.3 პროცენტი) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (4.6 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 11.8%-იანი მატება, რაც 1.74 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე:
ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 14.6%;
საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.1%;
წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%;
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.2%-ით.
შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა წლიურ ინდექსში 0.72 პროცენტული პუნქტი შეადგინა.
ფასები გაზრდილია სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (14.9 პროცენტი),
საავადმყოფოების მომსახურების (5.3 პროცენტი) და
ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.4 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.