საარსებო მინიმუმი 223.7 ლარამდე შემცირდა
2021 წლის ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 0.5 ლარით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 223.7 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა 2021 წლის ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 224.2 ლარი იყო.
2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 34.2 ლარით არის გაზრდილი. შარშან ნოემბერში საარსებო მინიმუმი 189.5 ლარს შეადგენდა.
საარსებო მინიმუმი დგინდება მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე. მინიმალური სასურსათო კალათა არის კვების პროდუქტების განსაზღვრული ნორმატიული კალათა, რომელიც შეიცავს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისათვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას, მისი შემადგენელი ელემენტების (ცილების, ცხიმების და ნახშირწყლების) და კალორიულობის მინიმალურ ოდენობას.