რესტორატორთა ასოციაცია კოვიდ პასპორტის წესში ცვლილების შეტანას ითხოვს
„კოვიდ პასპორტების ნეგატიური შედეგი, რომელიც ჩვენს სექტორს შეეხო, მოსალოდნელი იყო“, - ამის შესახებ რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა. მისი თქმით, კოვიდ პასპორტის წესში ცვლილება უნდა შევიდეს.
"განსაკუთრებით მწვავედ, ეს აისახა რეგიონებში არსებულ კვების ობიექტებზე. ქვეყანაში სულ 30% გვყავს სრულად ვაქცინირებული, რომელსაც მწვანე პასპორტი აქვს და მათი დიდი უმრავლესობა დედაქალაქშია. ცხადია, კონტინგენტი ჩვენს მოგვაკლდა და კვების ობიექტებში სტუმრების რაოდენობა დედაქალაქშიც შემცირდა, მაგრამ ეს განსაკუთრებით რეგიონებში იგრძნობა. კოვიდ პასპორტის წესში თუ ცვლილება არ შევიდა, მხოლოდ უარესის მოლოდინი შეგვიძლია გვქონდეს. სექტორი ისედაც რთულ მდგომარეობაშია და დამატებითი შეზღუდვები უმძიმესად აისახება.
ცვლილებაში ვგულისხმობ, ნებაყოფლობითობის წესს - როცა თავად გადაწყვეტს ობიექტი, სურს თუ არა იყოს მწვანე ზონა და კლიენტის ასე მიიღებს გადაწყვეტილებას. სად მივიდეს, იქ სადაც ყველა ვაქცინირებულია, თუ იქ, სადაც შესვლა შეზღუდვების გარეშე ხდება“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.
„რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ „მწვანე პასპორტების“ ამოქმედების შემდეგ ჯერჯერობით, მხოლოდ ორი ობიექტია დაჯარიმებული.
1-ლი დეკემბრიდან ქვეყანაში ე.წ. მწვანე ბარათის სისტემა ამოქმედდა. შედეგად, მომხმარებელს მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ ქონის შემთხვევაში შეუძლია ესტუმროს რესტორნებს, კაფეებს და სხვადასხვა კვების ობიექტებს. სავაჭრო ცენტრებში შესვლა „მწვანე პასპორტის“ გარეშე შეიძლება, თუმცა, მოლში არსებულ კვების და გასართობ დაწესებულებებში შესვლისთვის „მწვანე პასპორტი“ აუცილებელია.