რამდენ პირზე გაიცა დაგროვებითი პენსია ბოლო ხუთი წლის განმავლობაში
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა სსიპ საპენსიო სააგენტოს 2024 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა მიმოიხილა.
საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი ჭიჭინაძის ინფორმაციით, 2024 წლის პირველ კვარტალში დაიწყო პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, რომლის დასრულებაც 2025 წლის პირველ კვარტალშია მოსალოდნელი. მომხსენებლის განცხადებით, 2024 წლის დასაწყისისთვის ჯამურ აქტივებში ფულადი სახსრების წილმა 15.4%-ს მიაღწია.
„თუმცა, ცვლილებების აღსრულების შემდეგ 2024 წლის პირველ ნახევარში საინვესტიციო სამსახურმა განახორციელა ინვესტირება საქართველოს სხვადასხვა კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერტიფიკატებში და შედეგად დეპოზიტების წილი ჯამურ აქტივებში 45.1%-დან 59%-მდე გაიზარდა“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
მისივე ინფორმაციით, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების ჯამურმა წმინდა ღირებულებამ 5,3218 მლნ ლარს მიაღწია, საიდანაც საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 1,152 მლნ ლარია.
„აქტივების წმინდა ამონაგებმა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან 2024 წლის 30 ივნისამდე 67.9%, ხოლო ამავე პერიოდში რეალურმა ამონაგებმა ინფლაციის გათვალისწინებით 21.4% შეადგინა“, - განაცხადა გიორგი ჭიჭინაძემ.
გიორგი ჭიჭინაძის ინფორმაციით, 2024 წლის ივნისისთვის საპენსიო აქტივების 80.7% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 19.3% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში.
რაც შეეხება აქტივების განაწილებას ინსტრუმენტების მიხედვით, მომხსენებლის თქმით, საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის 59.0% განთავსებული იყო 9 ქართულ კომერციულ ბანკში სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში, რომელთაც ერიცხებათ ფიქსირებული სარგებელი, ხოლო 6.0% ნომინალური მფლობელობის სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე, რომლებსაც ერიცხება ცვლადი სარგებელი.
როგორც გიორგი ჭიჭინაძემ აღნიშნა, საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობამ დაარსებიდან (დაგროვებითი საპენსიო სქემა 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა) დღემდე, ჯამში, 1 528 000 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში სქემიდან გამოვიდა 173 ათასი მონაწილე, პენსია გაიცა 10 ათას მონაწილეზე.
მისი თქმით, 2024 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, საპენსიო სქემაში დარჩა 1 320 000 მონაწილე. მისივე ინფორმაციით, ამავე საანგარიშო პერიოდში სააგენტოს სისტემაში რეგისტრირებული დამსაქმებლების რაოდენობა 117 ათასია.
მომხსენებელმა დეპუტატების კითხვებს უპასუხა, რომელიც, ძირითადად, საპენსიო სქემიდან მოქალაქეთა გასვლასა და გაწევრიანებას შეეხებოდა.