ეკონომიკა
თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს არჩეულ კურსს, ფრენებს აღვადგენთ – გავრილოვი
რუსეთის დუმის დეპუტატი, სერგეი გავრილოვი ამბობს, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ დასავლურ სანქციებზე არ შეუერთდება და კურს არ შეიცვლის, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა ახლო მომავალში იქნება შესაძლებელი. ამის შესახებ გავრილოვი რუსულ გამოცემა Regnum-ს ესაუბრა.
,,ვფიქრობთ, რომ თუ საქართველოს ხელისუფლება არ გადაუხვევს არჩეულ კურსს და მხარს არ დაუჭერს ანტირუსულ სანქციებს, რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენა უახლოეს მომავალში იქნება შესაძლებელი” – განაცხადა გავრილოვმა.
მისივე თქმით, მოკლე დროში მოხდა არაერთი მოვლენა, რამაც შესაძლოა გავლენა მოახდინოს რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობაზე.
ცნობისთვის, დღეს რუსეთის ვეტერინარულმა და ფიტოსანიტარიული კონტროლის სამსახურმა განაცხადა, რომ სურს 15 ქართული მწარმოებლისთვის რძის პროდუქტების მიწოდებაზე ნებართვის გაცემა. საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამაზე მოლაპარაკებებს 2020 წლიდან აწარმოებენ.
გააზიარეთ :