"ვმუშაობთ აქციონერებთან, საერთაშორისო მარეგულირებელთან“ - ეკონომიკის მინისტრი „ბორჯომის" შესახებ
ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პირველად ისაუბრა იმაზე თუ ვისთან მუშაობს საქართველოს მთვარობა, რათა „IDS ბორჯომმა“ ქარხნების ამოქმედება დროულად შეძლოს.
მინისტრი იმედოვნებს, რომ რამდენიმე დღეში კონკრეტული ცვლილებების განხორციელებას შეძლებენ, რაც კომპანიას საქმიანობის აღდგენის შესაძლებლობას მისცემს.
„მთავრობა ამ მიმართულებით საკმაოდ დიდი ხანია მუშაობს. ვმუშაობთ აქციონერებთან, რათა მოხდეს გარკვეული ცვლილებები და კომპანია არ იყოს საერთაშორისო სანქციების საგანი; ამავე დროს ჩვენ ვმუშაობთ საერთაშორისო მარეგულირებელთან, რომლის სანქციების ქვეშ დღეს კომპანიის დამფუძნებლები არიან და შესაბამისად კომპანიის ფუნქციონირებას გარკვეული შეფერხებები აქვს; ვმუშაობთ საფინანსო ორგანიზაციებთან, რომ პროცესი იყოს გამჭვირვალე, ასევე საერთაშორისო პარტნიორებთან, რომ მათ სრული ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებზე", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, „აიდიეს ბორჯომის“ საბანკო ანგარიშები 15 მარტს, კომპანიის ერთ-ერთი მეწილის სანქცირებულთა სიაში მოხვედრის გამო გაიყინა, რის შესახებაც საჯარო უწყებებს ეცნობათ. 29 აპრილს კი კომპანიამ „ბორჯომის“ ორივე ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიიღო და განაცხადა, რომ ქარხნები გაყინულ ანგარიშებზე ხელმისაწვდომობის აღდგენისთანავე ამოქმედდება, კომპანიაში დასაქმებულ 1 000-მდე ადამიანს კი სამუშაო ადგილი და ხელფასები შეუნარჩუნდებოდათ. მოგვიანებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ბორჯომის“ ქარხანასთან დაკავშირებით სასიამოვნო სიახლის შესახებ დააანონსა.