რომელი პროდუქტი გაძვირდა დეკემბერში ყველაზე მეტად
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 9.8 პროცენტი შეადგინა. როგორც სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშიდან ირკვევა, წლიურ ჭრილში ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა 16.3 პროცენტით, რაც, საქსტატის ცნობით, წლიურ ინფლაციაზე 5.41 პროცენტული პუნქტით აისახა.
ყველაზე მეტად, 27.4 პროცენტით ბოსტნეული და ბაღჩეული გაძვირდა. 22.1 პროცენტით მოიმატა ფასებმა პურსა და პურპროდუქტებზე. ფასებმა 21.4 პროცენტით მოიმატა მინერალური და წყაროს წყლის, ასევე უალკოჰოლო სასმელებისა და ნატურალური წვენების კატეგორიაში. ყავა, ჩაი და კაკაო 18.4 პროცენტით გაძვირდა; რძე, ყველი და კვერცხი 17.5 – პროცენტით; შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული – 14.1 პროცენტით; თევზეულზე ფასებმა 13.4 პროცენტით მოიმატა; ხორცი და ხორცის პროდუქტები 9.7 პროცენტით გაძვირდა, ხოლო ზეთი და ცხიმი – 6.8 პროცენტით.
„საცხოვრებელი, წყალი, ელექტროენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 15.8-პროცენტიანი მატება, რაც 1.58 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (37.4 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (10.9 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (5.1 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.5 პროცენტით, რაც 0.64 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ზრდაზე. ფასები მომატებულია სატრანსპორტო მომსახურებასა (11.6 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (5.2 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 9.3-პროცენტიანი მატება, რაც 0.62 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები მომატებულია როგორც ალკოჰოლური სასმელების (10.8 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმის (7.6 პროცენტი) ქვეჯგუფებზე“, – აღნიშნულია საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.