პირველად 24 წლის განმავლობაში - სტამბოლის საფონდო ბირჟამ მუშაობა შეაჩერა
სტამბოლის საფონდო ბირჟამ აქციების ფასების დაცემის შემდეგ ვაჭრობა შეაჩერა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებსა და ტრეიდერებს კომპანიების აქციების, ობლიგაციების და ფასიანი ქაღალდების გაყიდვის ან ყიდვის საშუალება აღარ ექნებათ.
აღსანიშნავია, რომ 24 წლის განმავლობაში თურქეთში მსგავსი შემთხვევა პირველად დაფიქსირდა.
Reuters-ის ინფორმაციით, ვაჭრობის პირველ საათში აქციების ფასი 7%-ით დაეცა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დროებით შევაჩეროთ ოპერაციები“, - აღნიშნულია ბირჟის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ბირჟის საშუალო Borsa Istanbul 100 ინდექსი 2008 წლის გლობალური ფინანსური კრიზისის შემდეგ, ყველაზე უარეს ყოველკვირეულ მაჩვენებელს უახლოვდება, რადგან კვირის დასაწყისში ძლიერი მიწისძვრების შემდეგ, აქციების გაყიდვის ტემპი გაიზარდა.
აქტივების მართვის კომპანია Marmara Capital-ის დამფუძნებლის, ჰაიდარ აკუნის თქმით, მსგავსი კატასტროფების დროს, ინვესტორების დასაცავად, საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის შეჩერება უკეთესი გადაწყვეტილებაა.
ვაჭრობის განახლების დრო უცნობია.