დაიკლებს თუ არა ფასი საწვავზე? - ღარიბაშვილის განმარტება
იმპორტიორები შეგვპირდნენ, რომ კიდევ უფრო დააკლებენ ფასს საწვავზე - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„ნავთობის ფასებს რაც შეეხება, მინისტრებმა მსხვილ იმპორტიორებთან შეხვედრა გამართეს. გამოიკვეთა, რომ ის მარჟები, რაც იმპორტიორებს დაწესებული აქვთ, გონივრული არ არის. მათგან პირობა მივიღეთ, რომ ფასები დაიკლებს. პროცესი დაწყებულია. დაგვპირდნენ, რომ საწვავის ფასს კიდევ უფრო შეამცირებენ. ეს ჩვენს მოსახლეობაზე აისახება, მათ დაეხმარება და ინფლაციის დონეს მნიშვნელოვნად შეამცირებს.
რა თქმა უნდა, ჩვენ იმპორტიორების არგუმენტებიც მოვისმინეთ. საკითხი მარაგების მართვასაც შეეხო. ბუნებრივია, ჩვენ მათ არგუმენტებსაც გავითვალისწინებთ და ხელს შევუწყობთ, მაგრამ თუ ვნახავთ, რომ მუშაობა რაციონალური და ადეკვატური მარჟებით არ გაგრძელდება, ამის საწინააღმდეგოდ მთავრობას გარკვეული ბერკეტები აქვს.
ევროპაში და მთლიანად მსოფლიოში ენერგოკრიზისი დღეს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. ევროპის ქვეყნებმა მაღალ ფასებთან ბრძოლა გადაწყვიტეს. მათ ფასის ზედა ზღვარი განსაზღვრეს. ჩვენ არ გვინდა ამის გაკეთება. ვეფუძნებით და იმედი გვაქვს იმ საუბრის, რომელიც გაიმართა. იმედია, თვის ბოლომდე ფასების კლება აქტიურად გაგრძელდება“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.