შეიცვლება თუ არა კვერცხის ფასი სააღდგომოდ?
მარტში კვერცხზე ფასი 6%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია თუ არა ფასის მატება აპრილშიც აღდგომის დღესასწაულის წინ, როცა პროდუქტზე მოთხოვნა ყველაზე მეტად იზრდება, ამის შესახებ მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის თავმჯდომარემ ზურა უჩუმბეგაშვილმა ისაუბრა.
უჩუმბეგაშვილი ამბობს, რომ მოკლევადიან პერიოდში ფასის არც ზრდა და არც შემცირება არ არის მოსალოდნელი.
„მარაგები გაკეთებულია და სიტუაცია ამ ეტაპზე ბაზარზე სტაბილურია. გამორიცხულია, რომ მოკლევადიან პერიოდში რამე შეიცვალოს, როგორც კვერცხის, ასევე ფრინველის ხორცის ნაწილში. ყველაფერი ნორმალურადაა, არც დეფიციტია მოსალოდნელი და არც ფასის ცვლილება. აღდგომამდე მაინც, ფასის ზრდა და შემცირებაც გამორიცხულია", - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ხორბალთან დაკაშირებით გაკეთებული ურთიერთგამომრიცხავი განცხადებების მიუხედავად, ბაზარი სტაბილურია კვების ნაწილშიც.
„ამ ეტაპისთვის საკვების ნაწილშიც არ გვაქვს არანაირი ცვლილება, მაგრამ რუსეთის ოფიციალური პირების მხრიდან იმდენად ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება, რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ. მედვედევმა თქვა, რომ ან მოიხსნება საბაჟო გადასახადი, ან ექსპორტი აიკრძალება. ამიტომ რთული სათქმელია, რას უნდა ველოდოთ მათგან, ან იყო თუ არა ფხიზელ და ადეკვატურ მდგომარეობაში. ამიტომ, მხოლოდ დღევანდელ მოცემულობაზე შეგვიძლია საუბარი. ისე კი, სულ რომ შეზღუდონ ექსპორტი, ადგილობრივი მემარცვლე ფერმერებისგან ვიყიდით, მოგეხსენებათ, რეალიზაციის როგორი პრობლემა აქვთ მათ“, - განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.
ინფორმაციისთვის, გასულ წელს ქვეყანამ 648.9 მილიონი ცალი კვერცხი აწარმოა. ეს რიცხვი 2021 წელთან შედარებით 0.9%-ით ნაკლებია. წლის ბოლოსთვის, IV კვარტალში კვერცხის წარმოება 156.2 მილიონი ცალი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 4.5%-ით ნაკლებია.