გაძვირდება თუ არა პური ქვეყანაში?
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, პურის ფასის გაძვირების არანაირი საფუძველი არ არსებობს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ, თვეების წინ, მივიღეთ გარკვეული გადაწყვეტილებები ფქვილის იმპორტთან დაკავშირებით გარკვეული საფასურის შემოღებაზე, იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოებისთვის ხელი შეგვეწყო და ასევე, ხელი შეგვეწყო წისქვილკომბინატების ამუშავებისთვის. ესენი არიან ხორბლის პირველი მომხმარებლები, რომლებსაც ჩვენი ფერმერები აწარმოებენ. ეს პროცესი მიმდინარეობს შემდეგნაირად - ყოველთვიურად, დაახლოებით 25 -30 ათასი ტონა ხორბლის იმპორტი ხორციელდება, ამას ემატება ადგილობრივი ხორბალი. 40 ათას ტონაზე მეტი ადგილობრივი ხორბალი იქნა, მხოლოდ წისქვილების მიერ გადამუშავებული, შესაბამისად, პროცესი ძალიან თანმიმდევრულად მიდის და პურის გაძვირებაზე საუბარი არაა. არც მარაგებთან დაკავშირებულ პრობლემაზე არ შეიძლება იყოს საუბარი. შესაბამისი მარაგებიც არსებობს და ფქვილის იმპორტიც ხორციელდება, ნაკლები ოდენობით, მაგრამ გრძელდება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ პურის ფასის გაძვირებასთან დაკავშირებით ვიფიქროთ“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.