მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასი ეცემა - მიზეზები
მსოფლიო ბაზარზე ერთი ბარელი Brent-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი 80 აშშ დოლარზე დაეცა, ხოლო West Texas Intermediate-ის ფასი 76.6 აშშ დოლარამდე შემცირდა. საუბარია ერთკვირიან პერიოდზე, როცა საქონლის ღირებულება 3%-ით შემცირდა.
ნავთობზე ფასის კლების უმთავრეს მიზეზად OPEC+-ის შეხვედრის მოლოდინი სახელდება.
OPEC+-ის კრიტიკულად მნიშვნელოვანი შეხვედრა, რომელიც 26 ნოემბერს უნდა შემდგარიყო, მხოლოდ 4 დღით, თუმცა გადაიდო, რადგან, კვოტების შესახებ დავის ფონზე, მიწოდების პოლიტიკის საკითხი ჯერ კიდევ გადასაჭრელია.
reuters-ი წერს, რომ მიუხედავად შეხვედრის მხოლოდ 4-დღიანი დაყოვნებისა, ინვესტორები შიშობენ, რომ OPEC+-ის წევრ სახელმწიფოებს შორის გარკვეული განხეთქილება არსებობს და მათ მიწოდების საკითხზე შეთანხმების მიღწევა უჭირთ. როგორც ცნობილია, კარტელის ნაწილი ნავთობის მიწოდების უცვლელად დატოვებას ითხოვს, რასაც დასავლეთიდან მომდინარე პოლიტიკური ზეწოლა განაპირობებს. მეორე ნაწილს კი მიწოდების შემცირება და ამით ბირჟაზე ფასების გაზრდა სურს, უშუალოდ ამ იდეას განსაკუთრებით უჭერენ მხარს საუდის არაბეთის და რუსეთის ლიდერები.
ასევე, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კარტელი განიხილავს ნავთობის მოპოვების შემდგომ შემცირებას 1 მილიონ ბარელამდე დღეში, საუდის არაბეთი კი წარმოების არსებულ ნებაყოფლობით შემცირებას მინიმუმ პირველი კვარტლის ბოლომდე გაახანგრძლივებს.