ეკონომიკა
,,საქართველოში 277 ადამიანს თვეში ნახევარ მილიონამდე აქვს ხელფასი"
ფონდი „საფარის“ დირექტორმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე საქართველოს პროფკავშირების დირექტორის მოადგილე რაისა ლიპარტელიანმა განაცხადა, რომ საქართველოში 277 ადამიანის თვიური ხელფასი ნახევარი მილიონი ლარია.
,,ახლა გვაწვდის ფინანსთა სამინისტრო მონაცემებს, სადაც ასევე გვაქვს გრადაცია, რამდენ ადამიანს აქვს 100-500 ლარამდე ხელფასი და მეტი. ამ კონტიგენტში 277 ადამიანის საერთო სახელფასო ფონდია მითითებული, საშუალოს თუ გამოვიყვანთ, გამოდის ნახევარი მილიონი ლარი თვეში. მაგალითად, შარშან დეკემბრის მონაცემი რომ ვნახოთ, 493 ადამიანია, ვისაც თვეში 350 ათასი ლარი ჰქონდა საშუალო ხელფასი. ამ ციფრებში ძალიან საინტერესო სტატისტიკა ჩანს, ეს არის რეალურად იმის პასუხი, როდესაც ქვეყნდება მონაცემები, რომ გვაქვს ეკონომიკური ზრდა და საშუალო ხელფასი იმატებს. რატომ ვერ გრძნობს ამას ხალხი და სინამდვილეში პასუხი არის ეს"- აღნიშნავს საქართველოს პროფკავშირების დირექტორის მოადგილე რაისა ლიპარტელიანი ,,ბიპიენთან" ინტერვიუში.
,,კოვიდამდე ნახევარი მილიონ ლარამდე ხელფასი მხოლოდ 88 ადამიანს ჰქონდა, თუმცა ეს ციფრი ახლა რამდენიმეჯერ გაზრდილია. რეალურად გვესმის რომ პანდემიის შემდეგ ხალხი გაღარიბდა, დაიდეს ვალები, დაკარგეს სამსახურები, დაზარალდა ბიზნესი - ეს არის მთელი პრობლემა, რომ ჩვენს ქვეყანაში არ გვაქვს სახელფასო პოლიტიკის მექანიზმი. ჩვენი ქვეყანა უთანასწორობის მაჩვენებლით ბოლო პოზიციაზეა, ამიტომ არ არის გასაკვირი"- აღნიშნავს ლიპარტელიანი.
ოფიციალურად 1998 წელს ედუარდ შევარდნაძის მიერ მიღებული აქტი, რომელიც მინიმალურ ხელფასს განსაზღვრავს და ეს არის 20 ლარი თვეში. რა თქმა უნდა, 20 ლარად თვეში ადამიანები არ მუშაობენ, მაგრამ საქსტატის მონაცემებს თუ ჩავხედავთ, ბოლო მონაცემებით, 12 500 ადამიანს ჰქონდა 100 ლარი და უფრო ნაკლები ხელფასი. ეს დარიცხულ თანხებზეა საუბარი. მაგალითად, არსებობენ ადამიანები, მუსიკის სკოლის პედაგოგები, რომელთა მაქსიმალური ხელფასი 100 ლარია, ისიც თუ ჰყავთ ლაურეატი მოსწავლეები. მე პირადად ვიცნობ ადამიანებს, ვინც იღებს თვეში 22 ლარს და 35 ლარს. მეორე პრობლემა ის არის, რომ სულ ქვეყანაში ასეთი პედაგოგი მხოლოდ 500-ია.
რამდენიმე წლის წინ, კოვიდამდე რაღაც ღონისძიება იყო, სადაც პედაგოგებს შვილებთან ერთად აჯილდოვებდნენ. აღმოჩნდა, რომ ყველაზე მცირეწლოვანი ადამიანი ამ პროფესიაში, 50 წლის ქალი იყო, რომელსაც ჰყავდა 12 წლის შვილი. პროფესია ბერდება... პედაგოგებს ერთი ეგ აქვთ გამონაკლისი, რომ პენსიაც შეუძლიათ მიიღონ და ხელფასიც.
გააზიარეთ :