1 ლიტრი ბენზინის იმპორტი 50 თეთრით გაძვირდა
საქართველოს 1 ლიტრი საწვავის იმპორტი 50 თეთრით გაუძვირდა. ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ზაალ იაკობიძე ესაუბრა. მისი თქმით, რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილებას, რომლის შედეგადაც, 1-ლი მარტიდან, საწვავის ექსპორტი 6 თვით აიკრძალა, საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობის ფასის მომატებაც დაერთო, რამაც შესასყიდი ფასი გაზარდა.
როგორც „სენტა ოილის“ დამფუძნებელი ამბობს, გაძვირებული საწვავის ნაწილი ჯერ კიდევ გზაშია და ადგილობრივ ბაზარზე, ერთი კვირის ვადაში, ფასი დაახლოებით, 10-15 თეთრით კიდევ მოიმატებს.
რაც შეეხება ალტერნატიულ ბაზრებს, როგორც ზაალ იაკობიძე განმარტავს, ახლა მთავარი იმპორტიორი ბულგარეთია.
„მას შემდეგ, რაც რუსეთმა საწვავის ექსპორტი აკრძალა, ამას დაემატა ისიც, რომ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა (თან აქ ფასების ფორმულაც განსხვავებულია) და ბუნებრივია, შესასყიდი ფასი გაიზარდა. რუსეთის გადაწყვეტილების შემდეგ, საწვავის ფასი მინიმუმ 150 დოლარით გაიზარდა, ანუ, 1 ლიტრი ბენზინის იმპორტი 50 თეთრით გაძვირდა.
ადგილობრივ ბაზარზე ეტაპობრივად უკვე აისახა, 5-10 თეთრიანი მატება გვქონდა. თუმცა, გაძვირებული საწვავის ნაწილი ჯერ კიდევ გზაშია და ერთ კვირაში კიდევ მოიმატებს, შეიძლება, 10-15 თეთრით გაძვირდეს.
რაც შეეხება ბაზრებს, ამ ეტაპზე რუსეთი ბულგარეთმა ჩაანაცვლა, ასევე შემოდის საბერძნეთიდან და ბელარუსიდან“,- ამბობს ზაალ იაკობიძე.