ეკონომიკა
180 ათასამდე მსესხებელს სესხის თანხა შეუმცირდება
2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179,235 სესხია გაცემული და მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8.00%-მდე შეამცირა. შესაბამისად, 180 000-მდე მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება.
,,179,235 ხელშეკრულებიდან, უმრავლესობა შინამეურნეობებზე გაცემული სესხებია (96%). ჯამურად, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე 12.4 მლრდ ლარის მოცულობის სესხებია გაცემული. შინამეურნეობებზე 7.1 მლრდ. ლარის (57%), ხოლო იურიდიულ პირებზე 5.3 მლრდ. ლარის (43%).
დღესდღეობით, ყველაზე დიდი მოცულობით ბიზნესსესხებია გაცემული - 6.4 მლრდ ლარი. იპოთეკური სესხების ჯამური მოცულობა 3.7 მლრდ ლარს, ხოლო სამომხმარებლო სესხების კი 2.2 მლრდ. ლარს შეადგენს. წლიურად, ყველაზე დიდი ზრდა სამომხმარებლო სესხებში ფიქსირდება (+27%, 1 აპრილი, წ.წ.), იპოთეკური სესხების და ბიზნეს სესხების მოცულობა კი 8%-ით და 13%-ით გაიზარდა, შესაბამისად, ანალოგიურ პერიოდში. ბიზნეს სესხის საშუალო მოცულობა 194,570 ლარს, იპოთეკურის 53,012 ლარს და სამომხმარებლო სესხის კი 27,474 ლარს შეადგენს", - აღნიშნულია მიმოხილვაში.
გრაფიკი 1. ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების რაოდენობა და მოცულობა (მლრდ. ლარი) 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით.მათივე ინფორმაციით, 2018 წლიდან ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხები დაახ. 20 მლრდ. ლარით გაიზარდა 29 მლრდ. ლარამდე 2024 წლის 1 აპრილის მდგომარეობით. წლიურმა ზრდამ 19% შეადგინა, რაც 2018-2023 წლების საშუალო ზრდის თითქმის ტოლფასია (+18%).
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ეროვნულ ვალუტაში ჯამურად გაცემული სესხების 42%-ს შეადგენს და 2018 წლის საშუალო მაჩვენებელს 10 მლრდ ლარით აღემატება.
გააზიარეთ :