ეკონომიკა
ეროვნულმა ბანკმა 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა
საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, დღეს გამართულ სავალუტო აუქციონზე სებ-მა 60 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.
მათივე ინფორმაციით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8635 შეადგინა.
სებ-ის განცხადებით, აღნიშნული ინტერვენციის მიზანი ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების შედეგად ბაზრის მოლოდინებზე შესაძლო უარყოფითი გავლენის შემცირებაა.
"ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა და სხვა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის.
იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის“, - წერია განცხადებაში.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ლარი დოლარისა და ევროს მიმართებით მკვეთრად გაუფასურდა.
ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების შესაჩერებლად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გასაყიდად 28 მაისსაც გაიტანა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონი 16 მაისსაც გამართა. მაშინ სებ-მა ბაზარს 60 მლნ დოლარი მიაწოდა.
16 მაისიდან, ეს უკვე ეროვნული ბანკის მე-3 სავალუტო აუქციონია. 3 კვირიან პერიოდში ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსის სტაბილიზაციისთვის ჯამში, 168.7 მლნ დოლარი გაყიდა.
,,ევროოპტიმისტების“ ლიდერი და დეპუტატი, რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში ეროვნული ბანკის მიერ ახლახან 60 მილიონი დოლარის გაყიდვას ეხმაურება.
„ეროვნულმა ბანკმა აურია. მაშინ, როცა არსებობს ლარის გაუფასურებისა და ფასების ზრდის საფრთხე, ე. წ. იაფი ფულის პოლიტიკას დაუბრუნდა. ჯერ იყო და რეფინანსირების განაკვეთი შეამცირა, შემდეგ წარმოუდგენელი მოცულობის რეფინანსირების სესხების გასცა კომერციულ ბანკებზე: 30 მაისს 3,8 მილიარდი ლარი (ისტორიული მაქსიმუმი), 6 ივნისს 3,7 მილიარდი ლარი. პარალელურად, 168 მილიონი დოლარი გაყიდა ბოლო ერთი თვის განმავლობაში, (მათ შორის 60 მილიონი დოლარი დღეს) ლარის მკვეთრი გაუფასურების თავიდან ასაცილებლად (ანუ უკან ამოიღო დაახლოებით 460 მილიონი ლარი).
ეროვნული ბანკი აშკარად ურთიერთსაწინააღმდეგო მანიპულაციებს ეწევა. ამასობაში ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვები 5,2 მილიარდი დოლარიდან 4,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ადეკვატურობის ზღვარს საკმაოდ ჩამოცდა.
რუსული კანონის მიღების შემდეგ ქვეყანა სერიოზული რისკების წინაშე აღმოჩნდა“ - წერს გოცირიძე.
გააზიარეთ :