საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა - როგორია ეკონომისტების პროგნოზი
„2024 წლის II კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ არსებითად ნეგატიურია. მათი მოლოდინი ასეთი პესიმისტური 2021 წლის I კვარტლის შემდეგ არ ყოფილა“,- ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარი.
ორგანიზაციის გამოკითხვის თანახმად, 2024 წლის II კვარტალში ქართველი ეკონომისტების მიერ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით უარყოფითად შეფასდა. მათი თქმით, გაუარესდა როგორც 2024 წლის I კვარტლის, ასევე, 2023 წლის II კვარტლის შეფასებასთან შედარებით.
გარდა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოლოდინის დაფიქსირებისა, გამოკითხულმა ექსპერტებმა გააკეთეს საქართველოსთვის ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი.
კერძოდ:
2024 წლის პროგნოზი რეალური მშპს ზრდასთან დაკავშირებით საშუალოდ 5.5%-ს შეადგენს.
მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა. 2024 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 5.0%-ია.
მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით.
მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების შემცირება.
ამასთან, გამოკითხვის ფარგლებში, 2024 წლის II კვარტალში ეკონომისტებმა პოლიტიკური არასტაბილურობა და ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა დაასახელეს საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფაქტორებად. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის აღმოჩნდა მუშახელის დეფიციტი, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და უკრაინაში მიმდინარე ომი.
გამოკითხული ეკონომისტების აზრით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ფაქტორებს (პოლიტიკური არასტაბილურობა, ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა) უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიურ ფაქტორებს (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება და დაბალი ინფლაცია).