187 ათასი ადამიანი სესხს ვერ იხდის
საქართველოში მსესხებლების 9,7%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
"კრედიტინფოს" 2024 წლის ივნისის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 187 069 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 364 546-ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 075 476 652 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. შედარებისთვის, 2024 წლის აპრილის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 192 273 მსესხებელს უფიქსირდებოდა, მიმდინარე წლის თებერვლის სტატისტიკით - 194 745 მსესხებელს; 2023 წლის დეკემბერში - 201 047 მსესხებელს; 2023 წლის იანვარში კი 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება - 224 016 პირს უფიქსირდებოდა.
რაც შეეხება მიმდინარე წელს, საერთო ჯამში, ივნისის მდგომარეობით, საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 931 746 ადამიანს აქვს, ჯამში 46 945 500 596 ლარის მოცულობის.
აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 81.8% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ივნისის მდგომარეობით, ბანკებიდან 42 912 671 526 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 580 204 მსესხებელს აქვს აღებული. ვადაგადაცილება კი ბანკის მსესხებლების 6.1%-ს უფიქსირდება, რაც რაოდენობრივად 96 054 -ია.
ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 760 108 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 3 499 091 097 ლარს შეადგენს. ხოლო ვადაგადაცილება ამ საფინანსო ინსტიტუტების 108 449 მსესხებელს უფიქსირდება.
კიდევ 19 641 ადამიანს კი, ჯამში 533 737 973 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან. აქ 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება 5 082 ადამიანს უფიქსირდება.
წყარო: BPN.GE