რა ღირს ვერცხლის ნაკეთობები საქართველოში
ოქროს პარალელურად, მსოფლიო ბაზარზე ძვირდება ვერცხლიც. Comex-ის ბირჟაზე ერთი უნცია ვერცხლი 31.92 დოლარი ღირს, ეს კი ერთთვიან ინტერვალში თითქმის 8%-იანი ზრდაა, წლიურად კი ვერცხლზე ფასმა 41%-ით მოიმატა. ამაზე მაღალი ფასი ვერცხლზე ბოლოს 2012 წლის 18 აგვისტოს დაფიქსირდა, მაშინ ბირჟებზე ერთი უნცია 34.76 დოლარად ივაჭრებოდა.
ანალიტიკოსები ვერცხლის გაძვირებასაც ფედერალური სარეზერვო ბანკის მონეტარული პოლიტიკის აქტიური შემსუბუქებას უკავშირებენ. შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ (Fed), რომელიც ქვეყნის ცენტრალური ბანკის ფუნქციას ასრულებს, საბაზისო წლიური საპროცენტო განაკვეთი 50 პუნქტით, 4,75–5,25%-მდე შეამცირა.
მსოფლიოს ანალოგიურად ვერცხლზე ფასებმა მოიმატა საქართველოშიც. „ოქროს ბირჟაზე“ ამბობენ, რომ ამ დროისთვის ერთი გრამი 925-იანი სინჯის ვერცხლის ნაკეთობის ფასი 6.5 ლარიდან იწყება და 10 ლარსაც აჭარბებს. ფასები კი დამოკიდებულია როგორც ნაკეთობაზე, ასევე მწარმოებელზე. მოვაჭრეების თქმით, ვერცხლის ფასმა განსაკუთრებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში მოიმატა, მანამდე ერთი გრამის ღირებულება 4 ლარიდან იწყებოდა.