ეროვნულმა ბანკმა $60 მილიონი გაყიდა ლარის კურსის შესანარჩუნებლად
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს განხორციელებული სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაყიდა, ეს წინასაარჩევნოდ, ოქტომბრის რიგით მესამე სავალუტო ინტერვენციაა, რომელთა ჯამური მოცულობაც $173.4 მილიონი დოლარია. ინტერვენციების ეს მასშტაბი რეკორდულია.
სავალუტო აუქციონებთან ერთად სებ-ი სავალუტო ბაზარზე დოლარის შესყიდვისა და გაყიდვის ოპერაციებს Bmatch პლატფორმითაც ახორციელებს, თუმცა აღნიშნული ტრანზაქციების შესახებ ინფორმაცია მხოლოდ თვიურ ჭრილში თვის დასრულებიდან 25 დღის შემდეგ ხდება ცნობილი, ანუ ახორციელებდა თუ არა სებ-ი ოქტომბრის განმავლობაში Bmatch პლატფორმის მეშვეობითაც ვალუტის გაყიდვას ცნობილი მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება.
“სავალუტო აუქციონის გამართვის გადაწყვეტილება ეროვნულმა ბანკმა არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და სავალუტო ბაზარზე წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით მიიღო. ეს თავის მხრივ, აგვარიდებს ფასებსა და ფინანსურ სტაბილურობაზე უარყოფით გავლენას და ხელს შეუწყობს სავალუტო ბაზრის სტაბილიზაციას”, – აცხადებენ სებ-ში.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა წინასაარჩევნოდ უკვე მესამედ გაყიდა დოლარი ლარის კურსის დასაცავად. 16 ოქტომბერს მან თითქმის 65 მლნ დოლარი გაყიდა, ხოლო 8 ოქტომბერს -48.5 მლნ დოლარი.
ჯამში, წინასაარჩევნოდ ნეგატიური სავალუტო მოლოდინების მართვა სებ-ს უკვე $173 მილიონი დოლარი დაუჯდა, რაც უფრო მეტია ვიდრე მთელი 2023 წლის განმავლობაში აუქციონების გზით გაყიდული თანხა ($166.7 მლნ), მთლიანად 2024 წლის 10 თვეში კი სებ-მა ინტერვენციების გზით უკვე 342 მილიონი დოლარი გაყიდა.