როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სესხის ამომღები გირეკავთ - იურისტის რჩევები
თქვენთან თუ არ განხორციელებულა ზარი, ალბათ, გსმენიათ მაინც შემთხვევების შესახებ, როდესაც სესხის ამომღები კომპანიების წარმომადგენლები მოქალაქეებს ურეკავენ და მათთვის უცნობი პირების შესახებ ეკითხებიან. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა, საიდან მოიპოვეს ნომერი, ან ვის აქვს უფლება, თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, თანხმობის გარეშე სადმე მიუთითოს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, "ბიზნესპრესნიუსთან" იურისტმა დავით კლდიაშვილმა ისაუბრა. ის განმარტავს, რომ სავარაუდოდ, სესხის ამღები პირები ნომრებს თავადვე არასწორად, შემთხვევითობის პრინციპით უთითებენ. გაპრობლემების შემდეგ კი, სესხის ამომღები, სწორედ მის მიერ მითითებულ ნომერზე რეკავს.
თუმცა, როგორც იურისტი ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე პრობლემურ მსესხებელს არ იცნობს და არ სურს, ზარი მასთან კიდევ განხორციელდეს, არსებობს შესაბამისი რეგულაცია, რომლის გამოყენებაც მას შეუძლია. დავით კლდიაშვილის თქმით, ასეთ დროს ეროვნული ბანკი ვალდებულია, მასზე რეაგირება მოახდინოს და ტელეფონის ნომრის ბაზიდან ამოღება მოხდეს.
„თეორიულად, შესაძლებელია, რომ როდესაც პიროვნება სესხს იღებს და მას სთხოვენ, დაასახელოს საკონტაქტო პირი, ის მისთვის უცნობ ადამიანს და ტელეფონის არასწორ ნომერს უთითებდეს. შემდეგ, როდესაც სესხი გაპრობლემდება და სესხის ამომღებ კომპანიასთან გადადის, ისინი ურეკავენ მის მიერ მითითებულ საკონტაქტო პირს.
მეც მქონია პრაქტიკაში, როდესაც მირეკავენ და ვიღაც კონკრეტულ პირზე მეკითხებიან, ვიცნობ თუ არა. მე ვეუბნები, რომ არა, და ამის შემდეგ აღარ დაურეკავთ.
იმ შემთხვევაში, თუ უარს ამბობ და მაინც აგრძელებენ რეკვას, ეს არის კანონმდებლობის დარღვევა. არსებობს ეროვნული ბანკის სპეციალური კანონმდებლობა, რომელიც აწესრიგებს მსგავსი ტიპის ურთიერთობებს, ეთიკის კოდექსი ჰქვია. ამ შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ, მიმართონ სებ-ის მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებას და მოითხოვონ მათი ნომრის ამოღება. ამისთვის შეიძლება დაჯარიმდეს კიდეც ეს ორგანიზაცია“,- ამბობს დავით კლდიაშვილი.
კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ თავად საფინანსო ინსტიტუტის მიერ თავიდანვე კონტროლდებოდეს, რამდენად სწორად მიუთითა მსესხებელმა საკონტაქტო პირი, იურისტი ამბობს, რომ ამის აუცილებლობაზე საუბარი შესაძლებელი იქნება მაშინ, თუ სტატისტიკით დადასტურდება, რომ პრობლემა მასშტაბურია.
„ამაზე პასუხი ძალიან რთულია, იმიტომ, რომ ამას სჭირდება კვლევა, ასეთი შემთხვევები რამდენად ხშირია. თეორიულად, თუ 100 შემთხვევიდან მხოლოდ 2 ნომერი იყო არასწორად, ამის გამო 98 შემთხვევა, არ უნდა დავაზარალოთ. თუმცა, შესაძლოა, ეს შეფარდება პირიქითაც იყოს. ამიტომ, კვლევაა საჭირო და ამაზე რეგულატორმა უნდა იფიქროს, არის თუ არა პოლიტიკა შესაცვლელი. სწორედ მას გააჩნია ინფორმაცია ხშირად ხდება თუ არა მსგავსი შემთხვევები“,- ამბობს დავით კლდიაშვილი.