ნოემბერში მთავრობას ბენზინის შესყიდვა გაუძვირდა - რა ღირს ერთი ლიტრი
2024 წლის ნოემბერში, ოქტომბერთან შედარებით, მთავრობას ბენზინის შესყიდვა გაუძვირდა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში, სხვადასხვა ტიპის ბენზინის ფასი 9 თეთრით გაიზარდა, თუმცა, დიზელის იგივე დარჩა.
დოკუმენტაციის მიხედვით, ამის მიზეზი წინა თვეს „პლატსის“ ღირებულება გახდა, რომლის მიხედვითაც ოქტომბერში ბენზინზე ფასები 32.03 დოლარით გაიზარდა, დიზელის კი 10.93 დოლარით.
უფრო კონკრეტულად, კონსოლიდირებული ტენდერის თანახმად, 2024 წლის ნოემბერში ოქტომბერთან შედარებით მთავრობა ერთ ლიტრ სუპერის ტიპის ბენზინს (ოქტანობა არანაკლებ 98) 0.09 ლარით იაფად, 2.70 ლარად შეიძენს. ოქტომბერში ამ ტიპის ერთი ლიტრი საწვავის ყიდვა ბიუჯეტს 2.61 ლარი უჯდებოდა. ტენდერში გამარჯვებული „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
რაც შეეხება საწვავის სხვა ტიპებს, კონსოლიდირებული ტენდერის მიხედვით, ნოემბერში კონტრაქტითაც ერთი ლიტრი პრემიუმ საწვავის/ბენზინის ღირებულება (ოქტანობა არანაკლებ 95) 2.30 ლარია, ოქტომბერში 2.31 ლარი ღირდა. აქ გამარჯვებული „რომპეტროლ საქართველოა“. (კლება 0.09 ლარი).
ევრორეგულარის (ოქტანობა არანაკლებ 92) ფასი არსებულ მდგომარეობაში ერთ ლიტრზე 2.38 ლარია, მაშინ როცა ოქტომბერში ეს მაჩვენებელი 2.29 ლარზე იყო, აქ კლება ასევე 0.09 ლარია. ტენდერში გამარჯვებულია „სოკარ პეტროლიუმ ჯორჯია“.
რაც შეეხება ევროდიზელს, (არაუმეტეს PPM 10) ოქტომბერში მთავრობას ერთი ლიტრის შესყიდვა 2.42 ლარი უჯდება, ისევე როგორც ოქტომბერში. აქ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „სან პეტროლიუმ ჯორჯიაა“.
როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობა - სამინისტროები და საჯარო უწყებები საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობკომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შესასყიდი ფასი კი ყოველთვიურად სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახლდება.
კონტრაქტის მიხედვით, ფასი განისაზღვრება თვის დასაწყისში, წინა თვეში არსებული საშუალო ფასებიდან გამომდინარე. კერძოდ ხელშეკრულება ეფუძნება თვის განმავლობაში „პლატსზე“ დაფიქსირებულ ტონა ბენზინისა და ევრო დიზელის საშუალო ფასს.
დოკუმენტაციის მიხედვით, ოქტომბერში „პლატცის“ საშუალო არითმეტიკული ფასი ბენზინზე შეადგენს 727.08 დოლარს (სექტემბერში 695.05 დოლარი იყო), ევრო-დიზელზე - 674.64 დოლარი (სექტემბერში 663.71 დოლარი იყო).
შესყიდვების ვებგვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2024 წლის 1-ლი ნოემბრის მდგომარეობით საცალო რეალიზაციის ქსელში ერთი ლიტრ სუპერის მარკის ბენზინის გასაყიდი ფასი არის 3.49 ლარი, ხოლო ევრო დიზელის - 3.02 ლარი.