რომელი მომსახურებები გაგვიძვირდა
ოქტომბერში ფასები წლიურად 0.3%-ით გაძვირდა. უფრო კონკრეტულად, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ ასევე 0.3% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.2% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 1.2%-ით განისაზღვრა.
ამავე მონაცემების მიხედვით, წელს ოქტომბერში გაძვირებულ პროდუქტებს შორის ლიდერობს ნიორი (68.7%), კივი (51.7%) და ლიმონი (30.8%). ხოლო, ყველაზე მეტად გაიაფებულია: ინტერნეტის გადასახადი (-39.9%), საზამთრო (-30.51%) და ანტიბიოტიკები (- 26%).
მონაცემებიდან ჩანს, რომ ოქტომბერში წლიურად ყველაზე მეტად მღებავისა და ელექტროგაყვანილობის ხელოსნის საფასურია გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, გაძვირებული მომსახურებების ათეული ასე გამოიყურება:
მღებავის მომსახურება -24.3%
ელექტროგაყვანილობის ხელოსნის მომსახურება - 23%
ავტომობილის რეცხვის გადასახდელი - 17%
სასტუმროს მომსახურების ღირებულება - 10.4%
მობილური ტელეფონის შეკეთება - 9%
მამაკაცის ტანსაცმლის გადაკეთება - 7.2%
საქალაქთაშორისო ავტოტრანსპორტით მგზავრობა - 7%
სანტექნიკოსის მომსახურება - 7%
ავტომობილის ზეთისა და ფილტრის შეცვლა - 7%
სტომატოლოგის მომსახურება (კბილის ამოღება) – 6%.