ეკონომიკა
ქართული ცქრიალა ღვინის ექსპორტი შემცირდა
ქართული ცქრიალა ყურძნის ღვინის ექსპორტი შემცირდა. 2024 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტზე 2.65 მლნ დოლარის 769 ტონა ცქრიალა ღვინო გავიდა, ხოლო გასული წლის იმავე პერიოდში 1 261 ტონა, რომლის ღირებულებამაც 3.86 მლნ დოლარი შეადგინა.
შარშან 1 ლიტრი ქართული ცქრიალა ღვინის საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 3 დოლარი იყო, წელს კი 3.4 დოლარამდე გაიზარდა. ფასის ცვლილებამ 13% შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობის ქართული ცქრიალა ღვინო რუსეთში გავიდა.
ცქრიალა ღვინის 5 ძირითადი საექსპორტო ბაზარი ასე გამოიყურება:
- რუსეთი - 1.23 მილიონი დოლარის 379 ტონა;
- უკრაინა - 339 ათასი დოლარის 117 ტონა;
- ბელარუსი - 272 ათასი დოლარის 89 ტონა;
- თურქეთი - 173 ათასი ტონა 56 ტონა;
- პოლონეთი - 115 ათასი დოლარის 30 ტონა.
განსხვავებით ექსპორტისგან, გაიზარდა იმპორტი. მაგალითად, გასულ წელს ათ თვეში საქართველოში შემოვიდა 1.68 მილიონი დოლარის 168 ტონა ცქრიალა ღვინო, წელს იმავე პერიოდში კი 2.42 მილიონი დოლარის 245 ტონა პროდუქცია.
2023 წელს 1 ლიტრის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 10 დოლარს გაუტოლდა, წელს იმავე პერიოდში კი 9.9 დოლარამდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველო ცქრიალა ღვინოს ძირითადად საფრანგეთიდან და იტალიიდან ყიდულობს. წელს საფრანგეთიდან იმპორტირებულია 1.22 მილიონი დოლარის 52 ტონა ცქრიალა ღვინო, ხოლო იტალიიდან 920 ათასი დოლარის 160 ტონა. საფრანგეთიდან 1 ლიტრის საშუალო საიმპორტო ფასი 23.4 დოლარია, ხოლო იტალიიდან 5.75 დოლარი.
გააზიარეთ :